ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლისას მმართველი გუნდი მასზე თავდასხმისთვის ემზადება”

პარლამენტში საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის გამოსვლისთვის როგორც ოპოზიცია ასევე მმართველი გუნდი ემზადება. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე “მეტრონომთან” აცხადებს, რომ  მმართველი გუნდი ამ შეხვედრას გამოიყენებს პრეზიდენტზე თავდასხმისთვის და ივანიშვილის საამებლად. ამასთან ამ ეტაპზე უცნობია დაესწრება თუ არა პრეზიდენტის მოხსენებას პრემიერი და მინისტრთა კაბინეტის წევრები. პარტიაში ამბობენ, რომ პრემიერს კანონი ავალდებულებს საკანონმდებლო ორგანოში ეს მოხსენება მოისმინოს.

გოცირიძის განცხადებით, პრეზიდენტის გამოსვლა ყველაზე გულწრფელი და კრიტიკული უნდა იყოს. მისი თქმით, ეს მარგველაშვილის ბოლო მოხსენებაა და ამიტომ მან უნდა ახსნას ქვეყანაში თანდათანობით, არაფორმალური მმართველობა როგორ შეიქმნა. დეპუტატი ელის, რომ პრეზიდენტი თავის გამოსვლაში ახსნის, როგორ მოხდა საარჩევნო სისტემის, კონსტიტუციის და მედიის უზურპაცია. გოცირიძე ამბობს, რომ სწორედ მსგავსი მოლოდინი აქვს მმართველ გუნდს, რომელიც თავის მხრივ მარგველაშვილზე შეტევისთვის ემზადება.

“პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლის მოსალოდნელი სცენა უკვე მომზადებულია. არ არის გამორიცხული, რომ მმართველმა გუნდმა  მის წინააღმდეგ დებოში მოაწყოს. არც იმას გამოვრიცხავ, რომ გამოსვლები საკმაოდ მწვავე იქნება. ეს იქნება ბიძინა ივანიშვილის საამებელი გამოსვლა და წინა საპრეზიდენტო არჩევნებისთვის მარგველაშვილის გამოტეხვა, ის კვლავ აპირებს თუ არა პრეზიდენტობაზე კენჭისყრას. ეს იქნება პრეზიდენტის  განწყობის მოსინჯვა. მათ საპრეზიდენტო კანდიდატად არ ჰყავთ ადამიანი, რომელიც ნებისმიერ სხვა კანდიდატს წინააღმდეგობას და კონკურენციას გაუწევს. მმართველ გუნდს მარგველაშვილის კანდიდატურის წამოყენების ეშინია და მის დისკრედიტაციას ყველანაირი ხერხით ცდილობს.

თუ მთავრობა პატივს სცემს ამომრჩეველს, თუ იგი იცავს კანონებს და კონსტიტუციას ის აუცილებლად უნდა გამოცხადდეს და მოუსმინოს პრეზიდენტის ბოლო მოხსენებას,“-განაცხადა რომან გოცირიძემ “მეტრონომთან”.

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლა პარლამენტში 2 მაისს იგეგმება. გიორგი მარგველაშვილი საკანონმდებლო ორგანოს პრეზიდენტის რანგში ბოლოჯერ მიმართავს.

იტვირთბა....