ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

კობახიძე: “ორი წლის თავზე, შეიძლება თამამად ითქვას, რომ ჩვენ მიერ გაცემული დაპირებები პირნათლადაა შესრულებული”

პარლამენტის თავმჯდომარემ და „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ,  აჭარაში პარტიულ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ისინი საკუთარ წვლილს შეიტანენ იმაში, რომ „ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატმა სათანადოდ და დიდი უპირატესობით გაიმარჯვოს.

კობახიძემ 2012 წელს არჩევნებში გამარჯვებასა და ქვეყნის შემდგომ განვითარებაში პარტიული აქტივის როლზე ისაუბრა. პარტიის აღმასრულებელი მდივანი პარტიის განვითარების გეგმებსაც შეეხო.  ინფორმაცის „ქართული ოცნების“ პრესსამსახური ავრცელებს.

„თქვენ ხართ ის ადამიანები, რომლებიც თქვენი ყოველდღიური საქმიანობით, ემსახურებით ჩვენს ქვეყანას, თქვენი წვლილი შეგაქვთ ჩვენი ქვეყნის განვითარებაში და ემსახურებით ასევე ჩვენს პარტიას და პარტიის მიზნებს. ზუსტად თქვენი დამსახურება არის იმაში, რომ ჩვენი ქვეყანა აგრძელებს წინსვლას ყველა მიმართულებით. ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი მიღწევა 2012 წლის გარდატეხის ეს იყო დემოკრატია, ეს იყო თავისუფლება, ეს იყო ადამიანის უფლებების დაცვა, ეს არის ჩვენი უმთავრესი მონაპოვარი და ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ არა მხოლოდ შევინარჩუნოთ ეს მიღწევა, არამედ კიდევ უფრო განვამტკიცოთ ჩვენი დემოკრატია, ჩვენი თავისუფლება და ადამიანის უფელებების დაცვის სტანდარტები.

ასევე ჩვენთვის პრიორიტეტია ეკონომიკის განვითარება და ბევრი რამ კეთდება იმისათვის, რომ სწრაფი ტემპით განვითარდეს საქართველოში ეკონომიკა. ჩვენ გვქონდა შარშან ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით მთელს რეგიონში ევროპის მასშტაბით, რაც არის ძალიან კარგად გააზრებული პოლიტიკის შედეგი, რომელსაც „ქართული ოცნება“ ახორციელებს. ასევე ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს იმისათვის, რომ ჩვენი საგარეო პოლიტიკური ამოცანები იქნას მიღწეული, იმისათვის, რომ განვამტკიცოთ სტაბილურობა ჩვენს ქვეყანაში. ამისკენაა მიმართული ის ღონისძიებები, რომლებიც ხორციელდება და ზუსტად ამას ემსახურება ჩვენი რაციონალური და პრაგმატული საგარეო პოლიტიკა, რომლის წყალობითაც ჩვენ თვისობრივად ავამაღლეთ სტაბილურობისა და უსაფრთხოების ხარისხი ჩვენს ქვეყანაში“, – განაცხადა კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის  თქმით, 2016 წლის კონფერენციაზე გაცხადებული პარტიის გეგმები და დაპირებები ორი წლის თავზე პირნათლადაა შესრულებული.

„ჩვენ გვქონდა ორი წლის წინ იმის საშუალება, რომ გვესაუბრა ჩვენი პარტიის გეგმებზე კონფერენციის ფორმატში. 2016 წელს საპარლამენტო არჩევნებამდე ჩატარდა ჩვენი წინა კონფერენცია და მაშინ დეტალურად გაგაცანით ჩვენი გეგმები პარტიის განვითარებასთან და კონკრეტულად საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით. დღეს, ორი წლის თავზე, შეიძლება თამამად ითქვას, რომ ჩვენ მიერ გაცემული დაპირებები პირნათლადაა შესრულებული. მაშინ ჩვენ ვსაუბრობდით იმაზე, რომ საჭირო იყო პარტიის გაძლიერება, მისი ცენტრალური რგოლის გაძლიერება და ბევრი რამ გაკეთდა იმისათვის, რომ ჩვენი პარტიის ცენტრალური სტრუქტურები მოგვეწესრიგებინა.

განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა მაშინ რეგიონულ სამსახურზე და ამ სამსახურის, ისევე როგორც მთლიანად ცენტრალური რგოლის, გაძლიერებამ ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ჩვენი პარტიის საარჩევნო წარმატებაში 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში. ასევე, ჩვენ ვამბობდით, რომ ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი იყო პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციების გაძლიერება და განვითარება. ამ მიმართულებითაც მაშინ ბევრი რამ გაკეთდა და ამანაც განაპირობა, რა თქმა უნდა, ჩვენი საარჩევნო წარმატება. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანი იყო პარტიის პოლიტიკური გუნდის განახლება, მათ შორის, საპარლამენტო გუნდის განახლება და ამანაც თავისი მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ჩვენს წარმატებაში.

ასევე, მნიშვნელოვანი იყო ის, რომ პარტიამ დამოუკიდებლად მიიღო მონაწილეობა საპარლამენტო არჩევნებში და ესეც იყო მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელმაც ჩვენი წარმატება განაპირობა. შედეგად ჩვენ წარვმართეთ ძალიან წარმატებული საარჩევნო კამპანია და რაც მთავარია, ჩვენი მოსახლეობის მხარდაჭერის საფუძველზე მოვახერხეთ 2016 წელს დამაჯერებელი გამარჯვების მოპოვება, რაც იყო თითოეული ჩვენგანის დამსახურება და რამაც ჩვენ საშუალება მოგვცა იმის, რომ კიდევ უფრო მაღალი ტემპით გაგვეგრძელებინა ქვეყნის განვითარების და აღმშენებლობის პროცესი. ამის შემდეგ, იგივე მოხდა აჭარაში – უმაღლეს საბჭოში ჩვენ მოვიპოვეთ დამაჯერებელი გამარჯვება, რაც მნიშვნელოვანი იყო იმისათვის, რომ აჭარაში გაგრძელებულიყო განვითარების პროცესი და შემდგომ უკვე 2017 წელს ჩვენ ასევე დამაჯერებლად გავიმარჯვეთ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში.

თითოეულ მუნიციპალიტეტში მივაღწიეთ ძალიან მნიშვნელოვან წარმატებას. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ის დაპირებები, რომლებიც გაიცა ჩვენ მიერ ორი წლის წინ პირნათლადაა შესრულებული, ჩვენი პარტია არის ძლიერი. პარტია ვითარდება და დღეს არის წინაპირობა იმისა, რომ ჩვენ ერთად ვიზრუნოთ ჩვენი ქვეყნის შემდგომი განვითარებისთვის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სიტყვით გამოსვლისას კობახიძე მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებსაც შეეხო და აღნიშნა, რომ ამ არჩევნებზე „ქართული ოცნების“ კანდიდატის წარმატებაში დარწმუნებულია.

„ჩვენ წინ გველის ძალიან მნიშვნელოვანი საპრეზიდენტო არჩევნები. ეს არჩევვნები იქნება ასევე წარმატებული არჩევნები ჩვენთვის, ამაში დარწმუნებული ვარ და თითოეული ჩვენგანი ბუნებრივია, ჩვენს წვლილს შევიტანთ იმაში, რომ ჩვენმა საპრეზიდენტო კანდიდატმა სათანადოდ და დიდი უპირატესობით გაიმარჯვოს“, – განაცხადა კობახიძემ.

იტვირთბა....