“ნუ მომკლავ – აღასრულე სამართალი” – ამ ლოზუნგით სამშაბათს, 24 აპრილს, თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში, 11 საათზე აქცია გაიმართება. საქმე ეხება ხორავას ქუჩაზე, არასრულწლოვნების მკვლელობის საქმეს, რომლის პროცესებიც სასამართლოში მიმდინარეობს.
აქციის ორგანიზატორების განცხადებით, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე გამოძიება არასწორი მიმართულებით მიმდინარეობს და იკვეთება დამნაშავეებზე ხელის დაფარების ნიშნები. ამას კი მოწმობს გარდაცვლილი დავით სარალიძის მამის, ზაზა სარალიძის არაერთი განცხადება, სადაც ის ამბობს, რომ სისხლის სამართლის პასუხისგებაში არ ეძლევიან მისი შვილისა და ლევან დადუნაშვილის მკვლელობაში მონაწილე რეალური დამნაშავეები, რადგან მათ ხელს აფარებს პროკურატურა.
“გარდა იმისა რომ პროკურატურის მხრიდან მოწმეებზე ხდება ზეწოლა, ისინი გარდაცვლილების მშობლებსაც ადანაშაულებენ საქმისთვის პოლიტიკური ელფერის შეძენაში. ახალგაზრდები არ დავუშვებთ დამნაშავეების დაუსჯელობას და შერჩევით სამართალს. მოგიწოდებთ ყველას, სამშაბათს, 24 აპრილს 11:00 საათზე, მოხვიდეთ თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში და ერთად დავდგეთ სამართლიანობის სადარაჯოზე”- ნათქვამია აქციის ორგანიზატორთა მიმართვაში.
პირველ დეკემბერს ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე მოზარდი მეორე დღეს, ორ დეკემბერს საავადმყოფოში დაიღუპა.