სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა, ვახტანგ გომელაურმა, პარლამენტში, დეპუტატებს სუს–ის საქმიანობის ანგარიში გააცნო და აღნიშნა, რომ საქართველოში განსახორციელებელი ტერორისტული აქტები სუს-ის მიერ დაგეგმვის პროცესშივე აღიკვეთა.
“სამსახურის მიერ გამოვლინდა ქვეყნის ტერიტორიაზე მყოფი საერთაშორისო ტერორისტული ჯგუფი და მათი ხელშემწყობი საქართველოს მოქალაქეები. არსებული ინფორმაციით, ტერორისტული ჯგუფის მიზანს წარმოადგენდა ტერაქტების მოწყობა საქართველოსა და თურქეთის ტერიტორიაზე. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ თბილისსა და ახმეტის რაიონის სოფლებში ტერორისტულ ჯგუფთან კავშირზე მყოფი საქართველოს მოქალაქეების დაკავების სპეცოპერაცია ჩატარდა. აღნიშნულ ტერორისტულ ჯგუფთან მიმართებაში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ განხორციელებული კონტრტერორისტული მოქმედებები იყო პრევენციული, რადგან მოხდა ტერორისტული ჯგუფის გამოვლენა და მათი ქმედებების აღკვეთა”, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
სახელმწიფო უსაფრთხოების ხელმძღვანელმა ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებზეც ისაუბრა.
მან ერთ-ერთ მთავარ პრობლემად კვლავ ოკუპაცია დაასახელა. ვახტანგ გომელაურის თქმით, გამოიკვეთა საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების მცდელობები, რომ გააძლიერონ პოლიტიკური გავლენები.
„რუსეთის ფედერაცია სოხუმსა და ცხინვალში ეტაპობრივი ანექსიის პოლიტიკას ახორციელებს. ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში მიმდინარე წლის 22 თებერვალს მომხდარმა ფაქტმა, რასაც არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფა და ჩვენი ქვეყნის ორი მოქალაქის იძულებითი ტყვეობა მოჰყვა, კიდევ ერთხელ დაადასტურა, თუ როგორი რთულია უსაფრთხოების ვითარება აღნიშნულ რეგიონებში.
საქართველოში უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების ძირითადი ამოცანებია – ქართულ საზოგადოებაში ანტიდასავლური განწყობების გაღვივება, საერთაშორისო დონეზე საქართველოს, როგორც საიმედო პარტნიორის, იმიჯის შელახვა, გატარებული კონტრდაზვერვითი ღონისძიებების შედეგად, გამოიკვეთა საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების მცდელობები, გააძლიერონ და გააფართოვონ პოლიტიკური გავლენები. საზოგადოებრივ აზრზე მანიპულირებისა და დეზინფორმაციის გავრცელებისთვის უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების მიერ შეიმჩნევა ექსპერტული სამეცნიერო კვლევითი ცენტრებისა და სააგენტოების შექმნის მცდელობა”,- განაცხადა ვახტანგ გომერლაურმა