სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში, სუს-ის წლიური ანგარიშის წარდგენისას განცხადა რომ , 2017 წელს, სუს-ის აქტიური ჩართულობით ციხის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლდნენ გიორგი გიუნაშვილი და გიორგი ლუკავა, რომელთაც 20 წლიანი პატიმრობა ქონდათ მისჯილი.
„2017 წელს გალში 10, ხოლო ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით (სოფელ ერგნეთში) 11 შეხვედრა გაიმართა. აქტიურად ფუნქციონირებდა ე.წ. „ცხელი ხაზი“.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის აქტიური ჩართულობისა და ინტენსიური მოლაპარაკებების შედეგად, 2017 წელს ცხინვალის ე.წ. ციხის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლდა 2016 წელს დაკავებული გიორგი გიუნაშვილი, რომელსაც 20 წლიანი პატიმრობა ემუქრებოდა. ასევე, ოკუპირებული აფხაზეთიდან 6 წლიანი უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლდა გიორგი ლუკავა, რომელსაც 20 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი.
სამსახური ჩართულია ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატში, სადაც პირველი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში განიხილება საოკუპაციო ხაზის გასწვრივ და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული უსაფრთხოების ვითარება.
ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტთან, ასევე გაეროს, ევროსაბჭოსა და ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის წარმომადგენლობებთან. სამსახური აქტიურად თანამშრომლობს ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის დანაშაულებს იძიებს”, – განაცხადა გომელაურმა.