ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ეკატრინე კოტრიკაძე რუსეთის დუმის დეპუტატ სლუცკის სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს

ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის  წევრს, რუსეთის დუმის დეპუტატ ლეონიდ სლუცკის სექსუალურ შევიწროებაში ტელეკომპანია RTVI-ის გენერალური დირექტორის მოადგილე ეკატრინე კოტრიკაძე სდებს ბრალს. ამის შესახებ მან RTVI-ის ეთერში განაცხადა.

კოტრიკაძის განცხადებამდე, სლუცკის სექსუალურ შევიწროებაში კიდევ ორი ჟურნალისტი და ერთი პროდუსერი ქალი ადანაშაულებდა. ისინი ანონიმურობის პირობით დაუკავშირდნენ ტელეკომპანია „დოჟდს“  და დეპუტატი მათ მიმართ სექსუალურ შევიწროვებაში დაადანაშაულეს. ეკატერინე კოტრიკაძის განცხადებით, მას სჯერა ყველა ბრალდების იმიტომ, რომ მსგავსი “არასასიამოვნო ეპიზოდი” მანაც გაიარა.

“7 წლის წინ, როდესაც მე ჯერ კიდევ ქართულ ტელეკომპანიაში ვმუშაობდი, ჩამოვედი მოსკოვში და ინტერვიუს დანიშვნის თხოვნით ბატონ სლუცკის დავურეკე. მან შესათანხმებლად თავის ოფისში დამპატიჟა და მთხოვა, რომ კამერის გარეშე მოვსულიყავი. ისე მოხდა, რომ როდესაც მივედი, მან ოფისის კარი ჩაკეტა, მეხებოდა და ჩემს კოცნას ცდილობდა. მე შევძელი თავის გათავისუფლება და გამოქცევა” – ამბობს კოტრიკაძე, რომელიც ქართული ტელეარხ “პირველი კავკასიურის” (ПИК) საინფორმაციო სამსახურის უფროსი იყო.

მისივე თქმით, მსგავს სიტუაციაში რუსეთის სამთავრობო უწყებებში არაერთი ქალი ვარდება, თუმცა, ამაზე საუბრისგან თავს იკავებენ.

“გვესმის, რომ ამის აზრი არ აქვს, იმიტომ, რომ ერთადერთს, რასაც ჩვენ ამით მივიღებთ, შეურაცხყოფები და ბრალდებებია, თითქოს, ვიტყუებით. სინამდვილეში, ასეთი რაღაცები ხდება, ამას არავინ ებრძვის და ამის გამო, ეს ძალიან საშიშია” – ამბობს კოტრიკაძე.

იტვირთბა....