აუტისტური სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვებისთვის და მოზარდებისთვის საჭირო სერვისების გაფართოებაზე “ქართული ოცნება” მუშაობას იწყებს. ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ ისაუბრა.
მან აქცენტები დედაქალაქში არსებული სერვისების რეგიონებში მიწოდებაზეც გააკეთა.
“რეგიონებში შევხვდით ადამიანებს, ვის ოჯახის წევრებსაც აქვთ ეს პრობლემა და სამწუხაროდ, დავინახეთ, რომ სერვისები, რაც თბილისში და რამდენიმე დიდ ქალაქშია, არ არის ხელმისაწვდომი რეგიონებში. ამის გამო, ძალიან ბევრი ბავშვი და მათი ოჯახის წევრები ყოველდღიურ დამატებით პრობლემებს აწყდებიან. ჩვენი მიზანია, გავერკვეთ პრობლემებში და ამ მიმართულებით უკვე პარლამენტიდან გავაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ მთავრობამ გამოყოს დამატებითი რესურსი და შექმნას დამატებითი სერვისები რეგიონებში”,- განაცხადა თალაკვაძემ.
მისივე თქმით, საპარლამენტო უმრავლესობას ამ სერვისების მოკლე დროში გაფართოების შესაძლებლობა აქვს.
“ვეცდებით, საგაზაფხულო სესიის ფარგლებში კონკრეტული ტექნიკური დავალება ჩამოვაყალიბოთ, რომ დამატებითი სერვისების დაფინანსება განხორციელდეს”,- განაცხადა თალაკვაძემ.

