ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

ჩუმი განგაშის გაგზავნა „112“-ში და ოპერატორთან მიმოწერა: შსს-მ „112″-ის მობილური აპლიკაცია შექმნა

შსს-მ ინოვაციური და თანამედროვე ტექნოლოგიებზე აგებული პროექტი „112“-ის მობილური აპლიკაცია წარმოადგინა. საქართველოს ტერიტორიაზე მყოფ ნებისმიერ პირს, შესაძლებლობა ექნება ჩამოტვირთოს და ისარგებლოს „112“-ის მობილური აპლიკაციით. ამის შესახებ „112“-ის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე გახდა ცნობილი.

აპლიკაციის მთავარი უპირატესობა მოქალაქის ადგილმდებარეობის დაუყოვნებლივ განსაზღვრაა, რაც საგრძნობლად შეამცირებს საგანგებო სამსახურების შემთხვევის ადგილზე მისვლის დროს. აპლიკაციას აქვს ისეთი მნიშვნელოვანი ფუნქციები, როგორიცაა ჩუმი განგაშის გაგზავნა „112“-ში (SOS) და ოპერატორთან მიმოწერა („ჩატი“). აღნიშნული ფუნქციების გამოყენება მომხმარებელს შეუძლია ისეთ შემთხვევებში, როდესაც არ აქვს საუბრის საშუალება ან ზარის განხორციელებით ექმნება საფრთხე.

აპლიკაცია უფასოა, აქვს IOS-ისა და Android-ის პლატფორმების მხარდაჭერა და ხელმისაწვდომია, როგორც ქართულ, ასევე ინგლისურ და რუსულ ენებზე. შსს-ს ცნობით, მხოლოდ მსოფლიოს 13 ქვეყანაშია დანერგილი მობილური აპლიკაციით გადაუდებელი დახმარების ცენტრთან დაკავშირება.

11 თებერვალს, 112-ის დღეს აღნიშნავს როგორც საქართველო, ასევე მსოფლიოს 80-ზე მეტი ქვეყანა, მათ შორის ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები და მისი მიზანია მოსახლეობაში 112-ის ცნობადობის გაზრდა. ყოველწლიურად, ამ დღეს, საქართველოს „112“ სხვადასხვა სახის საინფორმაციო კამპანიას ატარებს.

იტვირთბა....