aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

დონდუა: რუსეთი აგრძელებს საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაციას

aviabiletebi
ავიაბილეთები

საგარეო საქმერთა მინისტრის მოადგილემ, დავით დონდუამ რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გრეგორი კარასინის ინტერვიუს უპასუხა.

მისი თქმით, საქართველო-რუსეთის ურთიერთობების ნორმალიზაცია, შესაძლებელია მიღწეული იყოს რუსეთის ფედერაციის მიერ შემხვედრი კონსტრუქციული პოლიტიკისა და საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემის ფარგლებში.

„შემაშფოთებელია რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის შეფასებები, რომლითაც იგი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს რუსეთის პოლიტიკას, უგულებელყოს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი და თავი აარიდოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულებას. ამ გზით რუსეთის ფედერაცია აგრძელებს საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების სამხედრო ოკუპაციას, უკანონო მილიტარიზაციას, რითაც ახდენს ვითარების დესტაბილიზაციას მთელ რეგიონში, და უხეშად არღვევს ადგილობრივი მოსახლეობის ფუნდამენტურ უფლებებს.

კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების მიზნით, საქართველოს მთავრობა დგამს კონსტრუქციულ ნაბიჯებს, როგორც ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების, ასევე ორმხრივი არაფორმალური დიალოგის ფორმატში. საქართველო-რუსეთის ურთიერთობების ნორმალიზაცია, შესაძლებელია მიღწეულ იქნას რუსეთის ფედერაციის მიერ შემხვედრი კონსტრუქციული პოლიტიკისა და საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემის ფარგლებში. ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმებით ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები და მოახდინოს საქართველოს სუვერენული ტერიტორიის დეოკუპაცია.

ასევე, ყოვლად მიუღებელია „საბაჟო ადმინისტრირებისა და სასაქონლო ვაჭრობის მონიტორინგის მექანიზმთან დაკავშირებული ძირითადი პრინციპების შესახებ“ საქართველო-რუსეთის 2011 წლის ხელშეკრულების დებულებების არასწორი ინტერპრეტირება, მისი პოლიტიზირება და იმპლემენტაციის ხელის შეშლა.

რუსეთის ფედერაციის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანებით, მოსკოვმა იკისრა ვალდებულება უზრუნველეყო სავაჭრო მონაცემების გამჭვირვალობა, ტარიფებისა და ვაჭრობის შესახებ ზოგადი შეთანხმების შესაბამისად. საქართველოს მთავრობა და რუსეთის ფედერაციის მთავრობა 2011 წელს შეთანხმდნენ, დაეარსებინათ წინასწარ განსაზღვრულ სავაჭრო დერეფნებში საერთაშორისო ვაჭრობის მონიტორინგის მექანიზმი. შეთანხმების შესაბამისად, ამ ვაჭრობის კოტროლი და ადმინისტრირება უნდა განხორციელდეს ტერმინალებში, რომლებიც მდებარეობენ სავაჭრო დერეფნების გამოსასვლელში და შესასვლელში.

რაც შეეხება საქართველოს საბაჟო სივრცეს, იგი მოიცავს საქართველოს მთელ ტერიტორიას მისი საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში. ამასთან, აღნიშნული ტერმინალების ადგილმდებარეობა ვერანაირად ვერ განსაზღვრავს ქვეყნის საბაჟო სივრცეს.

საქართველომ არაერთხელ მკაფიოდ გამოხატა ხელშეკრულების იმპლემენტაციის დაწყების მზაობა, რაც კიდევ ერთხელ ნათლად დადასტურდა 2017 წლის 19 დეკემბერს შვეიცარიულ კომპანია Societe Generale de Surveillance-თან სათანადო კონტრაქტის გაფორმებით. თუმცა დღემდე ვერ მოხერხდა 2011 წლის შეთანხმებით განსაზღვრული საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების დაწყება, ვინაიდან რუსეთის მხარე აჭიანურებს შესაბამისი კონტრაქტის ხელმოწერას შვეიცარულ კომპანიასთან, ახდენს საკითხის აშკარა პოლიტიზირებას და შეთანხმების დებულებების მიზანმიმართული არასწორი ინტერპრეტაციით აფერხებს იმპლემენტაციის პროცესის დაწყებას.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის მხარეს, შეწყვიტოს საკითხის პოლიტიზირება და შეუდგეს თავისი საერთაშორისო ვალდებულებების უპირობო შესრულებას, საერთაშორისო შეთანხმებისა და ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის მიზნების, პრინციპებისა და ნორმების სრული შესაბამისობით“, – განაცხადა დაით დონდუამ.

იტვირთბა....