აშშ-ში, კენტუკის შტატის ქალაქ ლუისვილში, 31 წლის ქართველი კაცი მოკლული იპოვეს. ნაპოვნია კიდევ ერთი კაცის ცხედარი. ორივე მათგანი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლითაა მოკლული. მათი ვინაობაც ცნობილია. ქართველი 31 წლის, დავით კანდელაკია, პროფესიით ექიმი. ქართველის გაუჩინარების შესახებ მისმა მეუღლემ განაცხადა მას შემდეგ, რაც ქმარი მას წინასწარ დაგეგმილ ადგილას არ შეხვდა. ქართველი ლუისვილში საცხოვრებლად ერთი თვის წინ გადავიდა. მას ორი წლის ტყუპი შვილები – ლუკასი და მილანი დარჩა.
ამერიკაში ქართველი ახალგაზრდას მკვლელობას სოციალურ ქსელში ეხმაურებიან:
“ამერიკის შეერთებული შტატების პატარა ქალაქში, კიდევ ერთ ამერიკელ ახალგაზრდასთან ერთად, ტყვიით მოკლული იპოვეს 31 წლის ქართველი ექიმი დავით კანდელაკი. პოლიცია მუშაობს გაურკვეველ გარემოებაში მომხდარი მკვლელობის გასახსნელად. ეს – ცივი, ოფიციალური ინფორმაცია.
ჩვენთვის კი…მოულოდნელი, თავზარდამცემი ელდა იმისა, რომ დაიღუპა ჩვენი ულამაზესი, უნიჭიერესი, უკეთილშობილესი, სიცოცხლით სავსე დათო კანდელაკი – დიდი კარიერის საფეხურზე შემდგარი ახალგაზრდა ექიმი, ტყუპი ქალ-ვაჟის მამა, მშვენიერი ნატაშას მეუღლე, საუკეთესო შვილი, ძმა, მეგობარი, ადამიანი, ქუთაისზე შეყვარებული ახალგაზრდა კაცი, რომელმაც მეუღლესაც შეაყვარა თავისი მშობლიური ქალაქი, ქართული ტრადიციები, ენა.
დათომ ქუთაისის სერგეი მესხის სახელობის ჟურნალისტიკის კერძო სკოლა-ლიცეუმი დაამთავრა. ყოველნაირად გამორჩეული, ბრწყინვალე მოსწავლე იყო და, როგორც მის მასწავლებელსა და ლიცეუმის დირექტორს, მეგონა, მალე ჟურნალისტიკაში, ან პოლიტიკაში ხმამაღლა იჟღერებდა მისი სახელი, მან კი სრულიად სხვა არჩევანი გააკეთა: ამერიკაში წავიდა და თავდადებული შრომით, განსაკუთრებული ცოდნისწადილით უმაღლესი სამედიცინო განათლება მიიღო. სულ ახლახან ლიცენზიაც დაიმსახურა და წინ დიდი პერსპექტივა ჰქონდა. დავით კანდელაკი თავისი ქვეყნის სახე იყო შორეულ ქვეყანაში: კულტურული, განათლებული, კეთილშობილი, ყველასგან პატივსაცემი და დასაფასებელი. მისი ფეისბუკის გვერდი სავსეა იქაური მეგობრების მწუხარე გამოსათხოვარი სიტყვებით.
სულ ახლახან ცოლ-შვილთან ერთად უკანასკნელად იმყოფებოდა ქუთაისში დათო. სამსახურში მეწვია , ბევრი მეფერა, მითხრა, რომ ლიცეუმში მიღებული უნარჩვევები ცხოვრებაში მრავალჯერ დაეხმარა. ბოლოს მოკრძალებით გადმომცა პროფესიული საჩუქარი – პაწია, ძალზე კომფორტული დიქტოფონი…რას ვიფიქრებდი, რომ ეს დათუნას გამოსათხოვარი ჟესტი იყო… თურმე უკანასკნელად ვუყურებდი მის ულამაზეს ღიმილს! ბევრი ვიტირე, მაგრამ რას შველის ცრემლი ამ ტრაგედიას!”- წერს ნანული ცხვედიანი.
“გამარჯობა ამერიკაში მცხოვრებო თანამემამულენო! დიდი ტრაგედია დაგვატყდა თავს, ვერაგულად გამოასალმეს სიცოცხლეს ჩვენი ქართველი ვაჟკაცი დავით კანდელაკი (31 წლის). ის სულ ახლახანს გახდა ექიმი და იყო ყველა მისი ახლობლის იმედი. მის ოჯახს როგორც არასდროს ისე სჭირდება ნებისმიერი ჩვენგანის თანადგომა, რომ სამშობლოში გადაასვენონ და იქ მიაბარონ მიწას! დიდი მადლობა თანადგომისთვის” – წერს ნათია ბეჟიტაშვილი.
primetime.ge