ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

კაკაჩია: „მარგველაშვილს არ სურს სააკაშვილის საქმეში ჩარევა და ამომრჩევლის რომელიმე ნაწილის გადაკიდება“

პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია მიხეილ სააკაშვილის საქმეზე გიორგი მარგველაშვილის გუშინდელ განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ პრეზიდენტს ამ საქმეში მონაწილეობის მიღება არ სურს, რადგან ჯერ არ გადაუწყვეტია იყრის თუ არა საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭს  და არ სურს, ამომრჩეველთა ნაწილის გადაკიდება.

„პრეზიდენტის განცხადება უნდა გავიგოთ ისე, რომ მას ამ პროცესებში მონაწილეობის მიღება არ სურს. მარგველაშვილის ეს გადაწყვეტილება საზოგადოების ნაწილს არ მოეწონება. მით უმეტეს, პრეზიდენტი ჯერ არ ამბობს მომავალ არჩევნებში მიიღებს თუ არა მონაწილეობას. ამიტომ, მარგველაშვილს არ აწყობს ამომრჩევლის რომელიმე ნაწილის გადაკიდება. რეალურად, მარგველაშვილი ცდილობს, რომ სხვადასხვა პოლიტიკურ ჯგუფებს შორის ბალანსი დაიცვას. მას არ სურს სააკაშვილის საქმის მოვლენების ცენტრში იყოს და აქედან გამომდინარე, სააკაშვილის შეწყალების საქმეს თავს არიდებს“, – განუცხადა „მეტრონომს“ კაკაჩიამ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ხელისუფლებაში მოსვლის დროს რა სისტემებიც ეგონა, რომ შეიცვლებოდა, პირიქით, განმტკიცდა და სააკაშვილის ინტერესებს ალალ-მართლად ემსახურებიან.

“რა ლოგიკით შევიწყალო მიხეილ სააკაშვილი?! პროკურატურას ვერ გაურკვევია, ბრალი როგორ უნდა წაუყენოს, როგორ ჩამოაყალიბოს გამოძიება, მოსამართლეს ვერ გაურკვევია ზღვარი შეწყალების მუხლის არაკანონიერ გამოყენებას, შეთქმულებასა თუ ქრთამს შორის და საქართველოს პრეზიდენტი გამოვიდეს და შეწყალებით გაასწოროს შეცდომები?!. შეწყალება არის წყალობა, სხვა ადამიანისთვის ანგარიშის გაწევა, სხვა ადამიანის შეცოდების აქტი და მე, დღეს, როდესაც ამ რეალობის წინაშე ვარ, სააკაშვილის მიმართ მიჩნდება ემოცია?!

სააკაშვილი, რომელმაც მთელი ეს სისტემა ააგო – პროკურატურა თავისი ტრადიციებით, სასამართლო თავისი ტრადიციებით, სააკაშვილმა ისე შექმნა, რომ საერთოდ არ დაინგრა, როცა ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში და ის, რაც მე მეგონა, რომ შეიცვლებოდა, პირიქით განმტკიცდა, დასტაბილურდა და მიშას ინტერესებს ალალ-მართლად ემსახურებიან.

სააკაშვილის სისტემამ მოკლა გირგვლიანი, მისმა სისტემამ დამალა დანაშაული, მისმა სისტემამ შეურაცხყოფა მიაყენა საქართველოს სტრასბურგში… მე მქონდეს განცდა, რომ სააკაშვილია დაჩაგრული?! სააკაშვილის სისტემა ყვავის ამ შემთხვევაში“, – განაცხადა „რუსთავი 2“-ის ეთერში გიორგი მარგველაშვილმა.

იტვირთბა....