ახალი ამბები მთავარი სამართალი

რა დაინახა ბაზრის მოვაჭრემ გენერლის სიკვდილამდე რამდენიმე წუთით ადრე

რუსთავის ე.წ. სტამბოლის ბაზრობაზე, სადაც გუშინ ბაზრობის ერთ-ერთი მეწილე, ყოფილი დეპუტატი, გენერალი სამსონ ქუთათელაძე მოკლეს, დილიდან საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. გამომძიებლები ბაზრის თანამშრომლებს კითხავენ. მოვაჭრეების ინფორმაციით, პოლიციამ დაკითხვაზე ერთ-ერთი თანამშრომლი გადაიყვანა, რომელმაც გარდაცვლილი ქუთათელაძე მისთვის უცნობ და ამ დრომდე დაუდგენელი პირთან ერთად დაინახა.

ბაზრის თანამშრომლები ამბობენ, რომ მან, სავარაუდოდ, ქუთათელაძის მკვლელი დაინახა, რომელიც გარდაცვლილს ხმამაღლა ესაუბრებოდა. თუმცა მან საუბრის შინაარსი ვერ გაიგო, რადგანაც გენერალი თანხლებ პირთან ერთად კაბინეტში ჩქარი ნაბიჯით შევიდა.

სხვა დეტალებზე ბაზრის თანამშრომლები არ საუბრობენ, უცნობია უკან გამოსული მკვლელი დაინახა თუ არა ბაზრის თანამშრომელმა და შეუძლია თუ არა მისი ამოცნობა. მათი თქმით, პოლიციამ  მედიასთან კონტაქტი  აუკრძალათ.  როგორც ირკვევა, შემთხვევის ადგილზე ვიდეო-სათვალთვალო კამერები არაა, ფიქსირდება ერთადერთი კამერა, მაგრამ როგორც მოვაჭრეები ამბობენ  კამერა არ მუშაობს.

კომპანიაში, რომლის მეწილე ყოფილი დეპუტატი, გენერალი სამსონ ქუთათელაძე გახლდათ, ერთი თვის წინ ერთ-ერთი მფლობელი შეიცვალა. კერძოდ, 2017 წლის 5 დეკემბერს შპს “ერთობას” (ე.წ. სტამბულის ბაზრობა) 28 პროცენტიანი წილის მფლობელი დავით შატო-შათაშვილი გახდა. მანამდე აღნიშნულ წილს ასევე ებრაელი ბიზნესმენი პინჰას ბაიტერი ფლობდა.

ბაზრობის 28 პროცენტი კიდევ ერთი ებრაელი ბიზნესმენის, იუზელ ნონის საკუთრებაა, 15 პროცენტს ფლობს თვითმართველი ქალაქი რუსთავი, 29 პროცენტი კი სამსონ ქუთათელაძეს ეკუთვნოდა.

გავრცელებული ინფორმაციით, პინჰას ბაიტერის მსგავსად საკუთარი წილის გასხვისებას სამსონ ქუთათელაძეც გეგმავდა.

ცნობილია, რომ პინჰას ბაიტერი დაკავშირებულია იარაღით ვაჭრობასთან. წარსულში იგი გახლდათ შპს GLOBAL DEFENSE GROUP-ის პარტნიორი. მათი საქმიანობის სფეროს იარაღით და საბრძოლო ატრიბუტიკით ვაჭრობა წარმოადგენს, თუმცა ბაიტერი ამჟამად არც ამ კომპანიაში ფლობს წილს.

რა გახდა ქუთათელაძის მკვლელობის მოტივი ამ დრომდე უცნობია, თუმცა ახლობლები სხვადასხვაა ვერსიებზე საუბრობენ. როგორც ირკვევა, ქუთათელაძე რუსთავის ბაზრის წილის გასხვისებას გეგმავდა, თუმცა უკავშირდება თუ არა შეკვეთიული მკვლელობა ქუთათელაძის გადაწყვეტილებას, უცნობია.

ე.წ. სტამბოლის ბაზრის მენეჯერი მეწილეებსა და ქუთათელაძეს შორის რაიმე სახის დაპირისპირებას გამორიცხავს.

შეგახსენებთ, რომ რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზრობის ტერიტორიაზე ყოფილი დეპუტატის, გენერალ სამსონ ქუთათელაძის კაბინეტი, სადაც ის მოკლული იპოვეს, დალუქულია.

ქუთათელაძის ცხედარი გუშინ დაცვის თანამშრომელმა ნახა.

მომხდარზე გამოძიება ორი მუხლით მიმდინარეობს – 236-ე და 108-ე მუხლებით, რაც განზრახ მკვლელობას და იარაღის მართლსაწინააღმდეგო მიზნით შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

წინასწარი ინფორმაციით, ქუთათელაძეს ცეცხლნასროლი ჭრილობა თავის არეში აქვს მიყენებული. ბაზრის მოვაჭრეები ამბობენ, რომ გასროლის ხმა არ გაუგიათ და მკვლელობა სავარაუდოდ მაყუჩიანი იარაღით არის ჩადენილი.

სამსონ ქუთათელაძე 2001 წლიდან იყო ეროვნული გვარდიის შემადგენლობაში. 2004-2006 წლებში ეროვნული გვარდიის სარდალი. 2008 წლიდან კი საქართველოს პარლამენტის წევრი, თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე. პარლამენტში არჩეული იყო როგორც საჩხერის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან”.

იტვირთბა....