პრემიერ-მინისტრისა და ნიკა მელიას გუშინდელი დაპირისპირება დღეს აჭარის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე ოპოზიციისა და მმართველი გუნდის დაპირისპირების მიზეზი გახდა. დეპუტატები აჭარის 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის განსახილველად შეიკრიბნენ, თუმცა განცხადებების და ხმაურის მთავარი თემა გუშინდელი ინციდენტი გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას “საზოგადოებრივი მაუწყებელი” ავრცელებს.
„ეს იყო ქუჩის ბიჭის, ძველი ბიჭის ქცევა, ვერ ვიხსენებ ქვეყნის ვერც ერთ პირველ პირს, რომელიც პარლამენტში ანალოგიურ ტერმინოლოგიას იყენებდა“,- განაცხადა “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელმა ელგუჯა ბაგრატიონმა.
ოპოზიციამ მოითხოვა უმრავლესობისგან პოზიციის დაფიქსირება, ემიჯნებიან თუ არა ისინი პრემიერის ქცევას.
„მაინტერესებს, ემიჯნებით თუ არა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, უმრავლესობა, პრემიერის ამ რიტორიკას, თუ თქვენც თლით, რომ ის ჯერ კაცია და მერე პრემიერი“,-განაცხადა დეპუტატმა გია აბულაძემ. იგივე პოზიცია დააფიქსირა “ევროპული საქართველოს” წარმომადგენელმა პეტრე ზამბახიძემ.
“ქართული ოცნების” წარმომადგენელმა ირაკლი ჭეიშვილმა საპასუხოდ განაცხადა, რომ ისიც პრემიერ-მინისტრის მსგავსად მოიქცეოდა.
„მე დავწერე და ვარ პასუხისმგებელი, რომ ჯერ კაცია და მერე პრემიერ-მინისტრი. დღეს რომ მიხეილ სააკაშვილი შემხვდეს, ისეთ რამეს არ ვაკადრებდი, რაც მელიამ აკადრა მოქმედ პრემიერ-მინისტრს. ის არის ყველას პრემიერ-მინისტრი. ვთვლი, რომ მას არაფერი შეშლია და მეც ასე მოვიქცეოდი“,- უპასუხა ოპოზიციას ირაკლი ჭეიშვილმა.
„პირველ რიგში ადამიანია და თუ ადამიანი თავის ღირსებას ვერ დაიცავს, ის ვერც ქვეყანას დაიცავს. ოთხი არჩევნები წააგეთ და ჩვენ ვართ უუნაროები? თქვენმა პარტიამ რომ პოლიტიკურ კულტურაზე ისაუბროს , უხერხულია. გუშინ რაც მოხდა, იყო “ნაციონალური მოძრაობის” დაგეგმილი პროვოკაცია“,- განაცხადა უმრავლესობის წარმომადგენელმა ლადო მგალობლიშვილმა.
სხდომა ამ წუთებშიც ხმაურის ფონზე მიმდინარეობს.
მიმდინარე წლის 20 დეკემბერს, პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი მთავრობასთან ერთად საპარლამენტო უმცირესობას შეხვდა. სხდომის დასრულებისას, ენმ-ის ერთ-ერთმა წევრმა, ნიკა მელიამ მას შეცვლილი და კორუმპირებული პრემიერი უწოდა. გიორგი კვირიკაშვილმა მელიას აგინა. მოგვიანებით, პრემიერმა საზოგადოებას ბოდიში მოუხადა.
წყარო: 1tv.ge