ახალი ამბები მთავარი სამართალი

სოფელ შილდაში ქალის გარდაცვალების ფაქტზე სრულყოფილ გამოძიებას ითხოვენ

სოფელ შილდაში ქალის გარდაცვალების ფაქტის დროულად გამოძიების მოთხოვნით ადამიანის უფლებათა ცენტრი სამართალდამცავ უწყებებს მიმართავს, სადაც აღნიშნულია, რომ ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, მასზე ძალადობა განხორციელდა:

“2017 წლის 18 ოქტომბერს, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში კერძო საცხოვრებელი სახლის სადგომში გ.გ-მ იპოვა თავისი ძმის 24 წლის ცოლის, ე.ნ-ს ნახევრადშიშველი ცხედარი, რომელიც ყელზე გამობმული თოკით ჩამოკიდებული იყო სახურავის კოჭზე. ცხედარს სხეულზე აღენიშნებოდა მრავლობითი დაზიანებები, რაც აჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ მასზე განხორციელდა ძალადობა”, – აცხადებენ HRC-ში.

მათივე ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ დანაშაულს წინ უსწრებდა ოჯახში ძალადობის ფაქტები, გამოძიება დღემდე თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს.

“ოჯახში არსებული კონფლიქტებისა და ძალადობრივი გარემოს შესახებ არაერთხელ იყო ინფორმირებული ყვარლის შინაგან საქმეთა სამმართველო. ოჯახში ხშირი იყო პოლიციის გამოძახება. უფრო მეტიც, 2017 წლის 12 ოქტომბერს, შსს ყვარლის რაიონულ სამმართველოში ე.ნ-ს შეტყობინების საფუძველზე დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, სოფელ შილდაში განხორციელებული ოჯახში ძალადობის ფაქტზე, სსკ–ის 1261 მუხლის პირველი ნაწილის ნიშნებით. მოპოვებული ინფორმაციით, კონფლიქტი მოხდა ე.ნ-სა და მის დედამთილს შორის. ადგილი ჰქონდა ფიზიკურ დაპირისპირებას. მოცემულ ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება და შემაჯამებელი გადაწყვეტილება დღემდე არ არის მიღებული”, – აცხადებენ ადამიანის უფლებათა ცენტრში.

შეგახსენებთ, რომ 24 წლის ქალი სოფელ შილდაში ჩამომხრჩვალი მიმდინარე წლის 18 ოქტომბერს იპოვეს. სხვადასხვა მედიაში გავრცელებული ცნობით, ახალგაზრდა ქალი შიშველი იყო და გვამს დაზიანებები აღენიშნებოდა. როგორც მეზობლები აცხადებდნენ, ოჯახში კონფლიქტები ხშირი იყო და ამის შესახებ პოლიციაც არაერთხელ იყო ინფორმირებული.

იტვირთბა....