ახალი ამბები მთავარი სამართალი

“თბილისიდან გამიტაცეს, საზღვარზე ფარულად გადამიყვანეს და აზერბაიჯანის სამართალდამცავ ორგანოებს გადამცეს”

“თბილისიდან გამიტაცეს და საზღვარზე ფარულად გადამიყვანეს, შემდეგ კი აზერბაიჯანის სამართალდამცავ ორგანოებს გადამცეს”, – აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, აღნიშნული განცხადება თბილისიდან გაუჩინარებულმა ჟურნალისტმა აფგან მუხთარლიმ დღევანდელ სასამართლო პროცესზე განაცხადა.

პროცესზე მოწმეებმა ჩვენებები მისცეს.  მათ შორის იყვნენ სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლები. დაცვის მხარის მოთხოვნით, მოწმეების სიიდან ერთი პირი ამოიღეს. მუხთარლის ადვოკატის განცხადებით, დაცვის მხარემ დაადგინა, რომ მოწმეებს შესაძლებლობა აქვთ, მოუსმინონ ერთმანეთის ჩვენებას.

აფგან მუხთარლის სასამართლო პროცესს სამოქალაქო საზოგადოებისა და აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლები აკვირდებიან.

შეგახსენებთ, ოპოზიციონერი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი 2017 წლის 29 მაისს თბილისიდან გაუჩინარდა. მეორე დღეს მან ადვოკატს განუცხადა, რომ ის ძალის გამოყენებით, აზერბაიჯანში გადაიყვანეს.

31 მაისს ბაქოს სასამართლომ მისი დაკავების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. მუხთარლი წაყენებულ ბრალს – საზღვრის უკანონო კვეთის, კონტრაბანდისა და მესაზღვრეებისთვის წინააღმდეგობის გაწევის შესახებ, არ აღიარებს.

იტვირთბა....