ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

სიტროენ ჯორჯია: პრემიერის განცხადება გამოძიებაზე გავლენას იქონიებს

კომპანია „სიტროენ ჯორჯიას“ დამფუძნებელმა და დირექტორმა გიორგი შარაშიძემ განაცხადა, რომ პრემიერის განცხადება, როგორც გამოძიების, ასევე დავების განმხილველ ორგანოებზე ზეგავლენას მოახდენს.

მისივე თქმით, კომპანიას საჩივრები როგორც კონკურენციის სააგენტოში, ასევე სასამართლოში აქვს შეტანილი და მოუწოდებს ყველას, პოლიტიკური განცხადებების გაკეთებისგან გამოძიების დასრულებამდე თავი შეიკავონ.

„პრემიერმა განაცხადა ის, რომ გადადგება, თუ კარტელური შეთანხმებები აღმოჩნდება მართალი. ასევე განაცხადა, ის რომ გაეცნო გუშინდელ განცხადებას და ვერავინ ვერ დადგება კანონზე მაღლა. თუმცა, აქვე აღნიშნა, რომ ჩვენი განცხადებები არის უსაფუძვლო. ეს ძალიან საწყენი ფაქტია, იმიტომ, რომ ჩვენ დიდი ხანია სასამართლოში უკვე შეტანილი გვაქვს სარჩელი, ასევე შეტანილი გვაქვს კონკურენციის სააგენტოში და არ გვინდა პირდაპირ დირექტივებად მიიღოს ეს ან კონკურენციის სააგენტომ ან სასამართლომ. დღესდღეობით ხადურის უწყებას უკვე მოუწევს გადაწყვეტილების მიღება, არა იმაზე, თუ ვინ არის კარტელურ გარიგებაში და ვინ არა, არამედ გადადგეს თუ არა პრემიერი. ეს მგონია, რომ ცოტა ემოციური განცხადებაა, რომელიც ზეწოლად იქნება აღქმული, თუნდაც ხადურის უწყების მიმართ და თუნდაც სასამართლოზე. დიდ იმედს გამოვთქვამ, რომ პრემიერის განცხადება არ იქნება აღქმული დირექტივად, ვინაიდან ასეთ შემთხვევაში მათ მოუწევთ გადაწყვეტილების გამოტანა, იმაზე უნდა გადადგეს თუ არა პრემიერ-მინისტრი“, – აღნიშნა „სიტროენ ჯორჯიას“ დირექტორმა.

შარაშიძის განამრტებით, ყველა ფაქტზე, რომელიც მოყვანილია კარტელურ გარიგეგებზე, ინფორმაცია მოპოვებულია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ოფიციალური ვებგვერდიდან. გიორგი შარაშიძემ ასევე შესყიდვების სააგენტოს მიერ, აღნიშნულ საქმეზე გაკეთებულ განცხადებასაც უპასუხა და აღნიშნა, რომ სააგენტოს განცხადებაში, ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი გარემოება ვერ მოხვდა.

კონკურენციის სააგენტო შპს „სიტროენ ჯორჯიას“ საჩივარზე მოკვლევის დაწყების ან უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილებას 30 დღის ვადაში მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ გიორგი გაჩეჩილაძესა და გიორგი კვირიკაშვილს შორის დაპირისპირებას ოპოზიციის წევრები გამოეხმაურნენ. “ნაციონალურო მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია ამბობს, რომ უხერხულია, რაც საზოგადოებამ საჯაროდ იხილა.

გია გაჩეჩილაძემ (უცნობი) 12 დეკემბერს, კომპანია “სიტროენ ჯორჯიას“ წარმომადგენლებთან ერთად პრესკონფერენცია გამართა და თქვა, რომ ტენდერებს მხოლოდ ხელისუფლების წევრებთან დაკავშირებული კომპანიები იგებენ. გაჩეჩილაძეს კონკრეტული გვარები არ დაუსახელებია, თუმცა “სიტროენ ჯორჯიას“ წარმომადგენელმა სპორტის მინისტრის ტარიელ ხეჩიკაშვილის კომპანიები და მის მიერ მოგებული ტენდერები დაასახელა.

დღეს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გია გაჩეჩილაძეს მოუწოდა სასამართლოს მიმართოს. თუ დამტკიცდება, რომ ხეჩიკაშვილის მიერ ჩატარებული ტენდერები არასამართლიანი იყო, პრემიერი მზად არის თანამდებობა დატოვოს.
წინააღმდეგ შეთხვევაში გიორგი კვირიკაშვილი გაჩეჩილაძისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს.

იტვირთბა....