გაზზე მომუშავე ავტომობილების ინსპექტირების დასრულების ბოლო ვადა 2018 წლის 1 იანვარია, მაგრამ ამის შესახებ მძღოლებს ინფორმაცია თითქმის არ აქვთ, ხოლო ვისაც ეს ინფორმაცია აქვს დიდად არ ჩქარობს. ტექდათვალიერების ფასი 90 ლარიდან 120 ლარამდე მერყეობს. შემოწმების პროცესი ერთ წერტილზე გაიყინა, ეს მაშინ, როცა ინსპექტირების დასრულებამდე რამდენიმე კვირა დარჩა.
რატომ არის აუცილებელი გაზზე მომუშავე ავტომობილების შემოწმება და რა სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს აირზე მომუშავე ტრანსპორტი. „მეტრონომმა“ ამ კითხვებზე კომპეტენტური პასუხების მისაღებად 18-წლიანი გამოცდილების მქონე სანდო და პრესტიჟულ კომპანიას „ეკომობილ ჯორჯიას“ მიმართა, რომელსაც საქართველოში 1999 წლიდან ევროპული გაზის აპარატურა შემოაქვს.
„ეკომობილ ჯორჯიას“ დირექტორი დავით ჩაფიძე „მეტრონომთან“ საუბარში აცხადებს, რომ გაზზე მომუშავე მანქანების ინსპექტირება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ისინი მომეტებულ საფრთხეს წარმოადგენს. აირბალონის გამო შეიძლება ადამიანის სიცოცხლესაც ზიანი მიადგეს და ჯანმრთელობასაც. ამიტომ, მათი შემოწმება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. მისი თქმით, დიდი ხნის განმავლობაში მიდიოდა მსჯელობა, თუ რატომ არ იღებს მთავრობა ზომებს, რომ ასეთი შემოწმება დაიწყოს. ჩაფიძის განცხადებით, მართალია სახელმწიფომ ტექდათავალიერებაზე გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა შემოწმების კუთხითაც გარკვეული პრობლემები არსებობს.
„საქართველოში ავტომობილების შემოწმების საკითხი ძალიან რთულ მდგომარეობაშია. 2004 წელს რომ გაუქმდა ტექნიკური დათვალიერება, იმის მერე სატრანსპორტო საშუალებებზე არანაირი კონტროლი აღარ ხორცილედება. ტექნიკური დათვალიერების შემოღებაზე 2013 წლიდან მოყოლებული ლაპარაკობენ, მაგრამ საბოლოო ჯამში მისი შემოღება 2017 წლის ბოლომდე გადმოიწია.
ამიტომ, საქართველოს მთავრობა გამოვიდა ინიციატივით, რომ ყველა ავტოსატრანსპორტო საშუალებას, რომელიც ბუნებრივ აირზე მუშაობს, ტექნიკური შემოწმება გაევლო. ზოგადად აირბალონების შემოწმება სპეციფიკური საქმეა და შესაბამისი ტექნიკური აღჭურვილობა სჭირდება. საქართველოში ამისთვის საჭირო ლაბორატორიაც კი არ არსებობდა.
ყველამ ვიცით, რომ აირბალონების მონტაჟი კუსტარულად ხდებოდა, მათ ეზოებში მოწყობილ ფარეხებში აყენებდნენ, ამიტომ ისინი ვერანაირ უსაფრთხოების ნორმებს ვერ აკმაყოფილებენ, შესაბამისად, ისინი ვერც გაივლიან შემოწმებას. საკითხი არის რთული, ძალიან მნიშვნელოვანი. ამიტომ ეს პრობლემა მგონია, რომ ასე სწრაფად ვერ მოგვარდება“,-აცხადებს „მეტრონომთან“ დავით ჩაფიძე.
მისი თქმით, არასწორად დამონტაჟებული გაზზე მომუშავე ავტომობილები, დატუმბვის დროს ძალიან დიდ საფრთხეს წარმოადგენენ, რადგანაც შესაძლოა, აირბალონი აფეთქდეს. ჩაბიძის განცხადებით, ასეთი საფრთხის არსებობის დროს, ავტომობილში ბუნებრივი აირის სუნი დგება. მისი განცხადებით, როდესაც აირბალონი კარგად არის დამონტაჟებული, ასეთი სუნი არ უნდა იგრძნობდეს.
ჩაფიძე ამბობს, რომ როდესაც მონტაჟი კუსტარულად კეთდება, საფრთხე მატულობს, მაგრამ თუ ამას „ეკომობილ ჯორჯიას“ მსგავსი, ლიცენზირებული კომპანია აკეთებს, ის პასუხისმგებლობასაც იღებს, რომ მის მიერ დამონტაჟებული სისტემა უსაფრთხოა.
„ავტომობილების მძღოლებს ვეტყოდი, რომ აირბალონის მონტაჟი საკმაოდ საფრთხილო პროცესია, ამიტომ, თუ გადაწყვეტთ თქვენი ავტომანქანა გაზზე გადაიყვანოთ, „ეკომობილ ჯორჯიას“ მსგავს ლიცენზირებულ, ბრენდირებულ კომპანიას უნდა მიმართოთ, რომელიც თქვენს უსაფრთხოებას კითხვის ნიშნის ქვეშ არ დააყენებს. ამ შემთხვევაში გაზზე მომუშავე ავტომობილები სრულიად უსაფრთხო იქნება.
წესით, ინსპექტირების პროცესი უკვე აქტიურ ფაზაში უნდა იყოს შესული, მაგრამ მას ბევრი ხელის შემშლელი მიზეზი ახლავს. პირველი ის არის, რომ საკმარისი რაოდენობის სერვის ცენტრები არა გვაქვს. ვისაც ამ ბიზნესში მუშაობა სურს, სერვის ცენტრის გახსნამდე აკრედიტაცია უნდა გაიაროს.
ბუნებრივ აირზე მომუშავე ავტომობილი ეკოლოგიური თვალსაზრისით მართლაც გაცილებით უსაფრთხოა. ასეთი ავტომობილები ყველაზე ნაკლებად აბინძურებენ გარემოს, მაგრამ საქართველოში პრობლემას სულ სხვა რამ ქმნის: ჯერ ერთი, ძალიან ბევრი ავტომობილის აირბალონი 18-20 წლისაა, რაც დაუშვებელია. გარდა ამისა, აირბალონებს ამონტაჟებენ კუსტარულად, კერძო ავტოფარეხებში, სრულიად არაკომპეტენტური პირები, რომლებიც უსაფრთხოების ელემენტარულ ნორმებს არ იცავენ“,-ამბობს „მეტრონომთან“ ჩაფიძე.