“ქართული ოცნების” დეპუტატის ეკა ბესელიას განცხადებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები იმდენად მაღალ დონეზე ჩატარდა და საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებები იმდენად კარგია, რომ სურვილი აქვს კითხვის ნიშნები არსად დარჩეს, მათ შორის არც თიანეთის ოლქში, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ბესელიამ თიანეთის ოლქში განვითარებულ პროცესებზე კომენტირებისას განუცხადა.
ბესელიას თქმით, პროცედურულად რაც საჭიროა, ყველაფერი უნდა გაკეთდეს, იქნება ეს საოლქო დონეზე, თუ სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების სახით.
“ამ კითხვებს პასუხები უნდა გაეცეს. მომხრე არ ვართ, რომ არჩევნების ობიექტურად ჩატარებასთან დაკავშირებით რაიმე კითხვის ნიშნები გაჩნდეს. მათ შორის, ამ ოლქში. ამიტომ, რა კითხვებიც ისმება, მომხრე ვარ, რომ მას პასუხი გაეცეს. არ ვფიქრობ, რომ ამაზე თვალი უნდა დავხუჭოთ. კანდიდატი ვინც არ უნდა იყოს, თუკი არჩევნების შედეგებს კონკრეტული მტკიცებულებებით სადავოდ ხდის, ყველა ზომა უნდა იყოს მიღებული, რომ კითხვებს პასუხი გაეცეს და საკითხი სამართლებრივად სწორად გადაწყდეს. ეს მხოლოდ ჩემი პირადი მოსაზრება არ არის”, – აღნიშნა ბესელიამ.
შეგახსენებთ, თვითმმართველობის მერის არჩევნებში თიანეთში, თამაზ მეჭიაურის თქმით, ოცივე საარჩევნო უბნის შედეგების მიხედვით, მეჭიაურმა 3077 ხმა მიიღო და “ქართული ოცნების” კანდიდატს ლელა ქიტესაშვილს 7 ხმით მოუგო, თუმცა თიანეთის საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით, ბათილად ცნობილი ბიულეტენები აღდგა და ბოლო მონაცემებით, მერობის კანდადატს თამაზ მეჭიაურს მიღებული აქვს ამომრჩევლეთა ხმების 49.97% (3077 ხმა), ხოლო “ქართული ოცნების“ კანდიდატს ლელა ქიტესაშვილს – 50.03% (3081 ხმა).