ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საქართველომ ნიდერლანდებს უკრაინაში ჩამოგდებული „ბოინგის“ კატასტროფის გამოძიებისთვის „ბუკის“ რაკეტა გადასცა

საქართველომ ნიდერლანდებს უკრაინაში ჩამოგდებული „ბოინგის“ კატასტროფის გამოძიებისთვის საზენიტო-სარაკეტო კომპლექს „ბუკის“ რაკეტა გადასცა. ამის შესახებ ტელეკომპანია RTL Nieuws იუწყება.

ტელეკომპანიის ცნობით, მიმდინარე წლის 21 თებერვალს ნიდერლანდების სამხედრო დაზვერვის სამსახურის და უშიშროების სამსახურის წარმომადგენლები საქართველოში სატვირთო თვითმფრინავ  Hercules-ით ჩავიდნენ.

საქართველოში მათ კომპლექს „ბუკის“ რაკეტა გადასცეს. მომდევნო დღეს თვითმფრინავი ნიდერლანდებში დაბრუნდა და რაკეტა ერთ-ერთ ნიდერლანდურ სამხედრო ავიაბაზაზე ჩაიტანა. ეს ინფორმაცია ნიდერლანდების პროკურატურის წარმომადგენელმაც დაადასტურა. მისი თქმით, ნიდერლანდებმა საქართველოს დახმარებისთვის მიმართა, ვინაიდან რეისის კატასტროფის საქმეზე რაც შეიძლება მეტი ინფორმაციის მოპოვება სურდა.

„ამ მიზეზით ჩვენ სხვადასხვა ქვეყნებს, მათ შორის ფინეთს, უკრაინასა და საქართველოს დავუკავშირდით. გაერო-ს 2166-ე რეზოლუციის შესაბამისად, საქართველომ სამართლებრივი დახმარება გაგვიწია და 2017 წლის დასაწყისში „ბუკის“ რაკეტა სისხლის სამართლის გამოძიებისთვის ხელმისაწვდომი გახდა“, – განაცხადა ნიდერლანდების პროკურატურის წარმომადგენელმა.

როგორც ცნობილია, 2014 წელს უკრაინის ტერიტორიაზე თვითმფრინავ Boeing-777-ის კატასტროფას 283 მგზავრი, მათ შორის 80 ბავშვი და ეკიპაჟის 15 წევრი ემსხვერპლა.

საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფმა დაასკვნა, რომ თვითმფრინავი რუსეთიდან უკრაინაში ჩატანილი საზენიტო-სარაკეტო კომპლექს „ბუკის“ რაკეტამ ჩამოაგდო.

წყარო: “ინტერპრესნიუსი”

იტვირთბა....