დღეს, საქართველოს საპატრიარქოში, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის სხდომა გაიმართება, რომელიც მოულოდნელად დაინიშნა. საქართველოს საპატრიარქო ჯერჯერობით არ ავრცელებს ოფიციალურ ინფორმაციას წმინდა სინოდის ხვალინდელი სხდომის შესახებ. უცნობია, განსახილველი საკითხებიც. სხდომა დღის 12:00 სთ-ზე დაიწყება.
“პირველი რადიოს” ინფორმაციით, არ არის გამორიცხული სინოდმა გადაწყვიტოს და ჭყონდიდელ მიტროპოლიტ მეუფე პეტრეს ახალი სასჯელი დაადოს.
არაოფიციალური ინფორმაციით, სინოდის სხდომაზე განხილული იქნება ციანიდის სკანდალური საქმის შემდეგ ეკლესიის შიგნით და მის ირგვლივ განვითარებული მოვლენები.
შეგახსენებთ, რომ სინოდის 9 მარტის სხდომაზე მიტროპოლიტი პეტრე დადანაშაულებული იყო იმაში, რომ ის უხეშად არღვევდა ეკლესიის მიერ სასულიერო პირთათვის დადგენილ კანონიკურ და ეთიკურ ნორმებს და რომ მისი განცხადებები მიმართული იყო ეკლესიის დისკრედიტაციისკენ და წარმოადგენდა საქართველოს საპატრიარქოში მოღვაწე რიგი სასულიერო და საერო პირთა მიმართ ცილისწამებას.
9 მარტის წმინდა სინოდის სხდომაზე ჭყონდიდელ მიტროპოლიტს ამის გამო გაფრთხილება მიეცა. მას საჯარო განცხადებების გაკეთებაც აეკრძალა და ის ჩამოშორებულ იქნა საპატრიარქოს ტელევიზიის დირექტორის თანამდებობას.
წმინდა სინოდის სხდომიდან რამდენიმე დღეში რუსთავის მიტროპოლიტმა, მეუფე იოანემ განაცხადა, რომ მეუფე პეტრე სუბიექტურად აზროვნებს. მიტროპოლიტი იოანე აცხადებდა, რომ მეუფე პეტრე შეწყალებულ იქნა, თუმცა სასჯელი უნდა ყოფილიყო მკაცრი და მას ეპარქია სინოდის წევრების თხოვნით არ ჩამოერთვა.