გადაცემა “არჩევანის” დასრულების შემდეგ, რომელიც საკმაოდ დაძაბულ ვითარებაში წარიმართა, ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ კომენტარი სოციალურ ქსელში გააკეთა. მან უკმაყოფილება გამოთქვა იმ პარტიების მიმართ, რომლებმაც, გადაცემის მსვლელობისას, პროტესტის ნიშნად დატოვეს სტუდია.
“დღეს, გადაცემა არჩევანი ყოველგვარი რელევანტური არგუმენტაციის გარეშე, შეთანხმებულად დატოვეს ლეიბორისტულმა პარტიამ, გაერთიანებულმა დემოკრატებმა და პატრიოტთა ალიანსმა. აღნიშნული ქმედებით, მათ უპატივცემლობა გამოხატეს გადაცემის, მისი წამყვანის, მთელი არხის და სტუდიაში დარჩენილი მათი კოლეგების მიმართ.
აღნიშნულიდან გამომდინარე, არხის გადაწყვეტილებით, არც ერთი ზემოაღნიშნული პარტიის კანდიდატი მიმდინარე წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში გამართულ არც ერთ დებატებში აღარ დაიშვება”.
შეგახსენებთ, გადაცემა “არჩევანში”, გუშინ, წინასაარჩევნო სპეციალურ გადაცემაში 7 პარტიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ და სამმა მათგანმა – ლეიბორისტულმა პარტიამ, გაერთიანებულმა დემოკრატებმა და პატრიოტთა ალიანსმა პროტესტი ნიშნად დატოვეს სტუდია. მიზეზი კი ის გახლდათ, რომ სტუდიაში მოწვეული ჟურნალისტები კითხვებს ძირითადად მმართველი პარტიისა და “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებს უსვამდნენ.