ახალი ამბები მთავარი სამართალი

ლადო სადღობელაშვილი ამბობს, რომ სამართალდამცველები მას ფიზიკურად გაუსწორდნენ

ე.წ. ქართველთა მარშის გუშინდელ აქციაზე დაკავებული ლადო სადღობელაშვილი აცხადებს, რომ დაკავებისას, საპატრულო პოლიციის მანქანაში სამართალდამცველები მას ფიზიკურად გაუსწორდნენ, შედეგად კი სხეულზე დაზიანებები აღენიშნება:

”აქ საუბარი არის იმაზე, რომ რამდენიმეკაციანი დელეგაცია ვაპირებდით კახი კალაძის შტაბში შესვლას და საუბარს, როდესაც ჩემი დაკავება მოხდა. მე საერთოდ ვერ გავიგე რატომ დამაკავეს, სანამ პოლიციის განყოფილებაში არ მიმიყვანეს, ვერ მივხვდი. დაკავების დროს პატრულის მანქანში ჩემზე ფიზიკური ზეწოლა განხორციელდა, ნეკნის მიდამოებში ჩალურჯებები მაქვს. წინასწარი დაკავების იზოლატორში ფოტოები გადამიღეს და ეს ყველაფერი აღნიშნეს. ამას სასამართლოზე წარვადგენ. მემუქრებოდნენ მანქანაში – როგორ გავბედე კალაძესთან მისვლა და აქციის გამართვა და შემდეგ თუ გაბედავ სხვანაირად გაგისწორდებითო – მითხრეს პატრულის მანქანაში, რომლითაც დამაკავეს და თბილისში ერთი საათით წრე მარტყმევინეს გაუგებარი მიზეზების გამო”, – განაცხადა ლადო სადღობელაშვილმა.

შეგახსენებთ, “ქართველთა მარშის” ორგანიზებით გუშინ გამართულ აქციაზე სამართალდამცველებმა აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი ლადო სადღობელაშვილი დააკავეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, სადღობელაშვილი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დააკავეს.

აქციის მონაწილეები გუშინ თბილისის მერობის კანდიდატის, კახი კალაძის შტაბში შესვლას ცდილობდნენ.

იტვირთბა....