ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

კორნელი კაკაჩია: ჩვენი ხელისუფლებისთვის დიდი პრობლემა იქნება თუ უკრაინამ სააკაშვილის ექსტრადირება მოახდინა

“ჩვენი ხელისუფლებისათვის ყველაზე დიდი პრობლემა იქნება ის, რომ თუ უკრაინის ხელისუფლებამ სააკაშვილი დააკავა და მოხდება მისი საქართველოში ექსტრადირება”- ამის შესახებ თსუ-ს პროფესორმა კორნელი კაკაჩიამ “ინტერპრესნიუსისთან” ინტერვიუში განაცხადა.

ის აფასებს, გუშინ, 10 სექტემბერს, უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე განვითარებულ მოვლენებს და ამბობს, რომ საქართველოში მსგავსი სცენარი ნაცნობია:

“მოვლენები, რომელიც უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე განვითარდა, ჩვენთვის ნაცნობია, საქართველოში პროცესების განვითარების რევოლუციური სცენარები ჩვენ გვახსოვს.

დარწმუნებული ვარ, საქართველოს ხელისუფლება დიდ სიამოვნებას არ განიცდიდა ტელევიზიით იმის ყურებისას, რაც სააკაშვილის აქტიურობით უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე ხდებოდა. ჩვენი ხელისუფლებისათვის ყველაზე დიდი პრობლემა იქნება ის, რომ თუ უკრაინის ხელისუფლებამ სააკაშვილი დააკავა და მოხდება მისი საქართველოში ექსტრადირება. ეს გარკვეულ სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის საქართველოს ხელისუფლებას.

სააკაშვილის საქართველოში ყოფნა ნელი მოქმედების ბომბის არსებობას შეიძლება შევადაროთ. თუ სააკაშვილის საქართველოში ექსტრადირება მოხდა საქართველოს ხელისუფლებაზე გაიზრდება საერთაშორისო თანამეგობრობის ზეწოლა. ამას დაემატება წამებულის იმიჯის ხარჯზე საქართველოში მისი რეიტინგის ზრდა. მოგეხსენებათ სააკაშვილი პიარის დიდოსტატია”- აღნიშნა კაკაჩიამ.

შეგახსენებთ, 10 სექტემბერს, უკრაინა-პოლონეთის საზღვართან, შეგინის სასაზღვრო პუნქტთან, უკრაინის ტერიტორიაზე მყოფმა სააკაშვილის მხარდამჭერებმა კორდონი გაარღვიეს, საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე შეიჭრნენ და სააკაშვილი უკრაინის ტერიტორიაზე გადაიყვანეს, რის შემდეგაც მიხეილ სააკაშვილი, მხარდამჭერებთან ერთად, ლვოვში ჩავიდა.  ერთი თვის წინ, სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვეს და ქვეყანაში შესვლა აუკრძალეს.

იტვირთბა....