ფენიქსში ოფიციალური ვიზიტით ჩასულმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატებისა და მექსიკის საზღვარზე კედელი აუცილებლად აშენდება. მისი თქმით, მიუხედავად დემოკრატების წინააღმდეგობისა, იგი ყველა იმ გეგმას შეასრულებს, რომელსაც 2016 წელს საკუთარ ამომრჩეველს ჰპირდებოდა.
„დიახ, ჩვენ დავუბრუნებთ ამერიკას დიდებას. მე თქვენ ამას დაგპირდით და შევასრულებ კიდეც.“ – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
საათნახევრიანი მოხსენების დროს დონალდ ტრამპმა არიზონის მოსახლეობასთან შეხვედრისას არაერთი თემა განიხილა, მათ შორის შარლოტსვილში 10 დღის წინ დაწყებული ულტრანაციონალისტებისა და ნეონაცისტების აქციები. მან ამერიკული მედია ულტრამემარჯვენე ძალების გაძლიერებაში დაადანაშაულა.
„მედიამ ულტრანაციონალისტებისთვის ხელსაყრელი პლატფორმა შექმნა.“ – აღნიშნა ტრამპმა.
პრეზიდენტის ვიზიტის პარალელურად ფენიქსში საპროტესტო აქცია გაიმართა. აქტივისტებს პოლიციამ დაშლისკენ მოუწოდა, რის შემდეგაც აქტივისტებმა სამართალდამცველებზე იერიში მინის ბოთლებით მიიტანეს. აქციის დასაშლელად პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.