“შეურაცხყოფა მოდის ყოველთვის მათი მხრიდან და არასოდეს პრეზიდენტის მხრიდან” – ასე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტის პოლიტიკური მრჩეველი ფიქრია ჩიხრაძე ”ქართული ოცნების” განცხადებას, რომლის მიხედვითაც პარტია მოუწოდებს ყველას, ”არ აყვნენ გიორგი მარგველაშვილს და არ უპასუხონ მის შეურაცხმყოფელ განცხადებებს”.
”ჩვენ ამ ხნის განმავლობაში პრეზიდენტის ნებისმიერ ინიციატივაზე, წინადადებაზე და მოსაზრებაზე ყოველთვის ვაწყდებით აგრესიულ დამოკიდებულებას მმართველი ძალის წარმომადგენელთა მხრიდან. ეს ერთი მხრივ შეიძლება აიხსნას, როგორც უცნაური აკვიატებული დამოკიდებულება პრეზიდენტ მარგველაშვილისადმი, რომელიც არ არის, როგორც ეს წინა წლებში იყო, მმართველი გუნდის წარმომადგენელი და ერთი პოლიტიკური ძალის წარმომადგენელი.
როგორც ჩანს, მმართველ ძალას სჭირდება ერთგვარი მტრის ხატის შექმნა მთელ ამ სიტუაციაში, როდესაც ვხედავთ, რომ პრობლემებია სოციალური, ეკონომიკური და დემოკრატიის თვალსაზრისით.
როდესაც ერთი მეორეს მიყოლებით ხან ვენეციის კომისია გვეუბნება, რომ შეშფოთებულია საქართველოში შექმნილი ვითარებით, ხან ფედერიკა მოგერინი გვაფრთხილებს ამის შესახებ, ხან NDI გველაპარაკება, რომ ორი საქართველო არსებობს, შესაძლოა სწორედ ამ ყველაფრის გადაფარვას ემსახურებოდეს მმართველი ძალის წარმომადგენელთა მხრიდან მუდმივი თავდასხმა პრეზიდენტზე.
ჩვენ მივესალმებით, საერთოდ თუ შეწყვეტენ შეურაცხყოფის რეჟიმში ყოფნას, იმიტომ, რომ შეურაცხყოფა მოდის ყოველთვის მათი მხრიდან და არასოდეს პრეზიდენტის მხრიდან” , – განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ ტელეკომპანია “tv პირველის” ეთერში.
მისივე თქმით, უკეთესი იქნება თუ მმართველი პარტიის წევრები ერთმანეთს მიუთითებენ, რომ არ გააკეთონ შეურაცხმყოფელი განცხადებები და ინსტიტუციებს პატივი სცენ.
”მე მოვუწოდებდი მმართველი გუნდის წარმომადგენლებს, როდესაც ასეთ განცხადებებს აკეთებენ, საკუთარ თანაგუნდელებს მოსთხოვონ, რომ ნუ იქნებიან ისინი შეურაცხმყოფელი განცხადებების ინიციატორები. რამდენი შეურაცხყოფა და ცილისწამება მოგვისმენია პრეზიდენტის მისამართით, მაგრამ მე არ მახსენდება არც ერთი შემთხვევა, რომ მმართველი გუნდის წევრებს ერთმანეთისთვის მიეთითებინოთ, რომ ასეთი დამოკიდებულება აზიანებს ინსტიტუციებს შორის დამოკიდებულებას”- აღნიშნა ჩიხრაძემ.
შეგახსენებთ, გუშინ, საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ტელეკომპანია “რუსთავი 2”-თან განაცხადა, რომ საქართველომ ბრეჟნევის დროინდელი აზროვნება ვერ დაძლია.
მისი თქმით, პარტიისთვის, რომელიც საპარლამენტო უმრავლესობას მოიპოვებს, ნებისმიერი განსხვავებული აზრი მიუღებელი და დასაცინია.
“მთელი ბავშვობა კიროვის პარკის შესასვლელთან იყო დიდი პლაკატი, ბრეჟნევი ხელს გვიქნევდა და ეწერა “პარტიისა და ხალხის ურღვევი ერთობა იყო და არის საწინდარი ჩვენი საზოგადოების უძლეველობისა” ეს იყო შეჯამება იმ აზროვნების, რომ მთელი სინდისი, ჭკუა, გამოცდილება, ხედვა, პატრიოტიზმი თავმოყრილია ერთ გუნდში და დანარჩენი ყველა ან უნდა იყოს ამ გუნდის მსახური, ან თუ არ ემსახურება, ბოლომდე არ მისდევს და ტაშს არ უკრავს, არის ქვეყნის დამაქცეველი, მტერი.
ეს არის ის აზროვნების ფორმა, რომელიც სამწუხაროდ ჩვენ ვერ დავძლიეთ და მუდმივად, პარტია, რომელიც მოიპოვებს უმრავლესობას, მუდმივად ამ პარტიისთვის ნებისმიერ განსხვავებული აზრი არის მიუღებელი, არაგასათვალისწინებელი, დასაცინი.
საარჩევნო კანონს რომ შევხედოთ, ნახეთ რაზეა საუბარი, ძალიან ღიად საუბრობენ “ქართული ოცნების” პოლიტიკოსები, ბონუსი მთავრობას სჭირდებაო, იმისთვის, რომ იყოს სტაბილური ხელისუფლება. ანუ თუ პარლამენტში რამდენიმე პარტიაა და უნდა შექმნან კოალიცია, თურმე ეს არის ცუდი. აი ეს აზროვნების ფორმა, რომ ვინმესთან თუ შენ უნდა მოილაპარაკო რაღაც თემაზე, თურმე ეს ყოფილა ცუდი, ქვეყნის სისუსტე, მაგრამ ერთი პარტია თუ არის ძლიერი, ეს არის კარგი. ამ დროს მთელი ევროპული პოლიტიკა სწორედ მოლაპარაკებებზე დგას”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა “რუსთავი 2”-თან.