დღეს, Courtyard Marriott-ში საქართველოს ჟურნალისტთა დამოუკიდებელმა ასოციაციამ და ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციამ, ევროკავშირის დაფინანსებით, ეროვნული კონფერენცია გამართა. მისი მთავარი თემა მედიის შრომითი უფლებები, სოლიდარობა, მედიაში პოლიტიკური გავლენები და მედიის ეკონომიკური სირთულეები იყო.
კონფერენციაზე განიხილეს შრომითი სტანდარტები ქართულ მედიაში: მიღწევები, პრობლემები და ახალი გამოწვევები; ეფექტურ სოციალურ დიალოგში დაინტერესებულ მხარეთა ჩართულობა; მედია პროფკავშირების განვითარების საკითხები საქართველოში და მედიაში არსებული სოციალური და ფინანსური სირთულეები, რომლებიც აფერხებენ მედიის დამოუკიდებლობის განმტკიცებას.
მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ ჟურნალისტები თბილისიდან და რეგიონებიდან: მედია მენეჯერები, პროფკავშირების წარმომადგენლები, იურისტები და არასამთავრობო ორგანიზაციები.
ღონისძიებას ესწრებოდნენ თბილისში არსებული საელჩოების წარმომადგენლებიც. მასში მონაწილეობა მიიღეს ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა, რომლებმაც სოციალური დიალოგის გაუმჯობესების გზები მიმოიხილეს.
კონფერენცია გახსნეს ოლივერ მონი-კირლიმ, ჟურნალისტთა საერაშორისო ფედერაციის და ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენლებმა (მომხსენებელთა სრული სია იხილეთ აქ).
კონფერენციის ბოლოს დეკლარაციის გაფორმება იგეგმება, რომელიც სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეებს გრძელვადიანი სტრატეგიის ჭრილში ერთმანეთს დააკავშირებს, რათა მათ ერთობლივად გადაჭრან აქტუალური შრომითი საკითხები. მას ხელს მოაწერენ კონფერენციაში მონაწილე ჟურნალისტები.