საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი აცხადებს, რომ პატრიარქის განცხადების საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირება არასწორად მოხდა. კვირიკაშვილმა პატრიარქს მადლობა გადაუხადა, რომ ქვეყნის განვითარებისთვის ბევრს ფიქრობს.
”რამდენადაც დღეს მე ვუსმენდი, ძირითადად, ოპოზიციის კომენტარებს, მოხდა საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესთან არასწორად დაკავშირება პატრიარქის განცხადების, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია. არანაირი კავშირი ამ ორ საკითხს შორის არ არსებობს. საკონსტიტუცი ცვლილებები, რომელზეც ჩვენ ვმუშაობთ, არის ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები, რომელიც ვფიქრობთ, ქვეყნის დემოკრატიული განვითარების პროცესისთვის არის ძალიან დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი. პატრიარქის განცხადება არასწორი ინტერპრეტაციით გაიგეს.
რაც შეეხება პატრიარქის განცხადებას, რა თქმა უნდა, პატრიარქის უდიდესი პატივისცემა გაგვაჩნია. მე მინდა მას მადლობა გადავუხადო იმისთვის, რომ ის ძალიან ბევრს ფიქრობს ქვეყნის მომავალზე. ამ საკითხის გადაწყვეტას შესაძლოა ათწლეული დასჭირდეს, ან უფრო მეტი ან ნაკლები ამაზე დღეს მსჯელობა არ არის, მაგრამ რა თქმა უნდა ეს განცხადება არის საკმაოდ საინტერესო და ვფიქრობთ, რომ ფართო საზოგადოებრივი ჩართულობით ასეთი მსჯელობა რომ შედგეს, იქნება ძალიან დადებითი.
ასეთი საკითხის გადაწყვეტა უნდა მოხდეს ფართო საზოგადოებრივი კონსენსუსით. ნაჩქარევი ნაბიჯები არ გვმართებს. ჩვენი აზრია, რომ ძალიან საინტერესოა ეს წინადადება, უამრავი დადებითი მხარე გააჩნია, მაგრამ ეს არ არის არანაირად დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესთან, რომელიც დღეს მიმდინარეობს, ეს მხოლოდ და მხოლოდ იყო არასწორი ინტერპრეტირება“, – განაცხადა პრემიერმა.