ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

დავით ნარმანია ესტაკადის მშენებლობის შეჩერების მიზეზს კიდევ განმარტავს

კომპანია “ზიმოსთვის” წინასწარ მილიონის ჩარიცხვასთან დაკავშირებით და ვერეს ხეობაში ესტაკადის მშენებლობის შეჩერებაზე თბილისის მერი დავით ნარმანია კიდევ ერთ განცხადებას აკეთებს.
დედაქალაქის მერი ამბობს, რომ თბილისის მერიას გადარიცხული მილიონი ლარის ბიუჯეტში დაბრუნება ნებისმიერ დროს შეუძლია:
„საცობები იმ ტერიტორიაზე არ არის ძალიან დიდი, არის რასაკვირველია და ამის აშენება კარგია, თუმცა ამ ეტაპზე, როდესაც მაინც ლიმიტირებული ფინანსური რესურსები გვაქვს და უნდა მოგვეჭრა 87 ხე, მივიღეთ გადაწყვეტილება ამ პროექტის დროებით შეჩერებასთან დაკავშირებით. თავის დროზე ეს პროექტი აუცილებლად გაკეთდება. ეს თანხა საბანკო გარანტიით მიეცა კომპანიას, ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ნებისმიერ დროს შეგვიძლია ეს თანხა გამოვიყენოთ ან ამ კომპანიას ალტერნატიული სხვა სამუშაოთი ჩავუნაცვლოთ ეს ყველაფერი. ასე რომ, ქალაქის ბიუჯეტი არაფერს არ დაკარგავს დამერწმუნეთ,“ – განაცხადა დავით ნარმანიამ.

შეგახსენებთ, რომ თბილისის მერიაში მთავრობის სხდომა გაიმართა სადაც დედაქალაქის მერმა თბილისში ესტაკადის მშენებლობა მიმოიხილა, ასევე, პეკინის გამზირის რეაბილიტაციაზე ისაუბრა.

დავით ნარმანიას განცხადებით, ესტაკადის მშენებლობა შეჩერდა პროექტის ანალიზის საფუძველზე.

მისივე განმარტებით, პროექტი ესტაკადის მშენებლობისთვის 87 საღი ხის მოჭრას ითვალისწინებდა, სწორედ ამიტომ თბილისის მერიამ მიიღო გადაწყვეტილება, კარტოზია-ცინცაძის ქუჩების კვეთაზე ესტაკადა აღარ აშენებულიყო.

თბილისის მერის განმარტებით, ესტაკადის მშენებლობისთვის გათვალისწინებული თანხა სხვა მნიშვნელოვან პროექტებს მოხმარდება.
ამავდროულად, დავით ნარმანიას განმარტებით, პეკინზე რეაბილიტაცია 16 ივნისს დაიწყება. მისი თქმით, პეკინის გამზირზე მთლიანად გამოიცვლება მიწისქვეშა კომუნიკაციები, კერძოდ, წყალი, გაზი და „თელასის“ კაბელები, რის შემდეგაც მისი განმარტებით, აღდგება გზის საფარი.

იტვირთბა....