პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე არ იზიარებს ვენეციის კომისიის იმ რეკომენდაციას, რომელიც არჩევნების პირველ ტურში, საარჩევნო კოლეგიის მიერ პრეზიდენტის კვალიფიციური უმრავლესობით არჩევას ეხება.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე კობახიძემ ვარაუდი გამოთქვა, რომ შესაძლოა, ეს ხარვეზი დოკუმენტში გაიპარა, ან თარგმანის პრობლემაა.
მისი თქმით, ვენეციის კომისიის მხრიდან შენიშვნები გამოთქმულია პრეზიდენტის არჩევის პროცედურასთან დაკავშირებით. კერძოდ, კომისიას მიიჩნევს, რომ კენჭისყრა ფარული არ უნდა იყოს.
„კიდევ ერთი შენიშვნაა, რომ პირველ ტურში არჩევისას, კვალიფიციური უმრავლესობის მოთხოვნა იყოს. ალბათ, ეს შეცდომაა, რადგან თუ მეორე ტურში უმრავლესობა ფარდობითია, პირველ ტურში არავითარი აზრი არ აქვს კვალიფიციური უმრავლესობის მოთხოვნას.
თუ პირველ ტურში კანდიდატმა 151 ხმა მიიღო, მეორე ტურის ჩატარებას, რა აზრი აქვს? ალბათ, ეს ხარვეზია, რომელიც ვენეციის კომისიის დასკვნაში გაიპარა. შეიძლება, ეს თარგმანის ან რაიმე ტექნიკური პრობლემა იყო“, – დასძინა კობახიძემ