„ვფიქრობთ, რომ კახა კალაძე იქნება თბილისის მერობის კანდიდატი, ამაზე კონსულტაციები საკმაოდ პოზიტიურ ფორმატში მიმდინარეობს”,- ეს განცხადება პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ მუხრანში „ქართული ოცნებისა“ და ხელისუფლების წარმომადგენლების დახურული შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
მისი თქმით, ენერგეტიკის მინისტრის თბილისის მერობის შესაძლო კანდიდატურაზე დახურულ შეხვედრაზე კიდევ ერთხელ იმსჯელეს და ვოლსკის განცხადებით, გუნდს აღნიშნულ პოზიციაზე სხვა ალტერნატიული წინადადებები არ განუხილავს.
გია ვოლსკის თქმით, საბოლოო გადაწყვეტილებას პოლიტსაბჭოზე მიიღებენ. ამასთან, როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, კახა კალაძის მერად წარდგენის საკითხზე არ უმსჯელიათ, თუმცა თალაკვაძის თქმით, მმართველი გუნდი თავის კანდიდატს უახლოეს მომავალში წარადგენს.
როგორც მან აღნიშნა, შეხვედრაზე თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებული საორგანიზაციო საკითხები განიხილეს.
მისივე თქმით, უკვე დაწყებულია პარტიის პოლიტიკურ გეგმაზე მუშაობა.