ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

სხვა ვერსია აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმეზე: “მადლობა უთხარით ქართველ ძალოვანებს, ყველაფერს რომ არ ამბობენ”

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის ავგან მუხთარლის შესახებ განსხვავებულ  ინფორმაციას უფლებადამცველი გიორგი მუხიგულაშვილი ავრცელებს:

“აზერბაიჯანელ ჟურნალისტს აფინანსებდა ალიევის ფარული ოპოზიცია და მწვანე ზოლზე მართლაც მოხდა შეხვედრა ერთ- ერთ ოპოზიციონერსა და ჟურნალისტს შორის, ოღონდ ნებით და არა- იძულებით, რა დროსაც აზერბაიჯანის სასაზღვრო სამსახურმა მოახდინა მათი დაკავება.  ვინაიდან ამ ორთაგან ერთი იმყოფებოდა აზერბაიჯანის ტერიტორიაზე კანონიერად და მუხთარლი იმყოფებოდა უკანონოდ, მოხდა მხოლოდ ჟურნალისტის დაკავება, რასაც მოჰყვა ერთგვარი ჟურნალისტური პროვოკაცია და ამის საფუძველზე აეგო ის დიდი ტყუილი, რაც ეხლა ტრიალებს პროვოკაციის სახით. ზუსტად იმ ფარული ოპოზიციონერის გადაცემული 10000 ევრო აღმოაჩნდა მას ჩხრეკისას. ასე რომ ნუ პროვოკატორობთ და დაანებეთ ძალოვნების დისკრედიტაციას თავი. მოიტაცეს და 10 000 ევრო ჩაუდეს არა, კვახი. მადლობა უთხარით, პირიქით, ქართველ ძალოვნებს, ყველაფერს რომ არ ლაპარაკობენ რასაც ეგ აკეთებდა, თორემ სირცხვილით ვერ გამოყობთ თავს, მაგას რომ იცავთ. ყველა გავლენიანი აზერბაიჯანული მედია მაგას იძახის, რომ ეგ ტიპი არის ჟურნალისტიკას ამოფარებული შანტაჟიორი და ფარულად ახდენდა გაურკვეველ არასამთავრობო ორგანიზაციებთან გარიგებებს და ებრძოდა ალიევს. ერთ- ერთი გარიგების ფაქტზე მოხდა მისი დაკავება.  აზერბაიჯანის პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, რომ  ჟურნალისტზე ზეწოლა არ მომხდარა და მას ჩაუტარდა ექსპერტიზა, სადაც წერია რომ არანაირი სხეულის დაზიანება არ აღენიშნება ჟურნალისტს (ექსპერტიზას დაეთანხმა აღნიშნული პირი, რაც მისი ხელმოწერით დასტურდება).”- აცხადებს გიორგი მუხიგულაშვილი.

შეგახსენებთ, რომ დღეს თბილისში მდებარე პარლამენტის შენობასთან  აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის მხარდამჭერი აქცია იმართება. “მეტრონომის”  კორესპონდენტის ინფორმაციით, აქციის მონაწილეები პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესთან,  ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, სოფიო კილაძესთან და  ამერიკისა და ევროკავშირის ელჩებთან ითხოვენ შეხვედრას. მათივე მოთხოვნაა ჟურნალისტის გაუჩინარების ფაქტზე დაწყებულ გამოძიებაზე  საპარლამენტო კონტროლი შეიქმნას. შესაბამისი განცხადება მათ უკვე  დატოვეს.

როგორც “მეტრონომს” ჟურნალისტმა ნინო ზურიაშვილმა განუცხადა, აქციებს არ შეწყვეტენ:

“ამერიკისა და ევროკავშირის ელჩებთან შეხვედრას ვითხოვთ. ჩვენი ხელისუფლება, სამწუხაროდ, აზერბაიჯანის ხელისუფლების პოზიციას იმეორებს. ჩვენ არ გავჩერდებით და ყველაფერს საელჩოებამდე მივიტანთ. სავარაუდოდ, ეს შეხვედრა ორშაბათს შედგება. პარლამენტის თავმჯდომარისგან პასუხი ჯერ არ მიგვიღია, მაგრამ არ მოვეშვებით”,-განაცხადა ზურიაშვილმა.

ჟურნალისტი აფგან მუხტარლი თბილისიდან 29 მაისს გაუჩინარდა. ის სახლიდან გავიდა და არ დაბრუნებულა. მოგვიანებით, ცნობილი გახდა, რომ ის ბაქოში გადაიყვანეს. დღეს ბაქოს მას საქალაქო სასამართლომ სამთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ჟურნალისტს აზერბაიჯანის პროკურატურამ ბრალი კონტრაბანდის, სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთისა და პოლიციისთვის დაუმორჩილებლობის მუხლებით წარუდგინა.
აფგან მუხტარლის საქმესთან დაკავშირებით, საქართველოს შსს-მ გამოძიება დაიწყო საქართველოს  143-ე მუხლით, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, აზერბაიჯანელი ჟურნალისტი „მწვანე საზღვარზე“ დააკავეს და არა გამშვებ პუნქტზე.

აფგან მუხთარლის საქართველოდან გაუჩინარებისა და აზერბაიჯანის საზღვარზე დაკავებასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთ მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა  ბრიფინგი გამართა. მისი განცხადებით, ალბათობა იმისა, რომ საზღვრის რომელიმე წერტილი შეიძლება მესაზღვრის გვერდის ავლით გადაკვეთოს ადამიანმა, დაბალია, მაგრამ არსებობს.

თუმცა, მუხტარლის ადვოკატს, ჟურნალისტებს და არასამთავრობო სექტორს არ სჯერა, რომ მისი საქართველოში მოტაცება და აზერბაიჯანში გადაყვანა ქართული სპეცსამსახურების დახმარების თუ მათი უმოქმედობის გარეშე მოხდა. თბილისში, აზერბაიჯანელი ჟურნალისტის მხარდასაჭერი აქციები იმართება.

 

 

იტვირთბა....