ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

აფგან მუხთარლის მხარდამჭერი აქციის მონაწილეები ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვენ

თბილისში მდებარე პარლამენტის შენობასთან  აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის მხარდამჭერი აქცია იმართება. “მეტრონომის”  კორესპონდენტის ინფორმაციით, აქციის მონაწილეები პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესთან,  ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, სოფიო კილაძესთან და  ამერიკისა და ევროკავშირის ელჩებთან ითხოვენ შეხვედრას. მათივე მოთხოვნაა ჟურნალისტის გაუჩინარების ფაქტზე დაწყებულ გამოძიებაზე  საპარლამენტო კონტროლი შეიქმნას. შესაბამისი განცხადება მათ უკვე  დატოვეს.

როგორც “მეტრონომს” ჟურნალისტმა ნინო ზურიაშვილმა განუცხადა, აქციებს არ შეწყვეტენ:

“ამერიკისა და ევროკავშირის ელჩებთან შეხვედრას ვითხოვთ. ჩვენი ხელისუფლება, სამწუხაროდ, აზერბაიჯანის ხელისუფლების პოზიციას იმეორებს. ჩვენ არ გავჩერდებით და ყველაფერს საელჩოებამდე მივიტანთ. სავარაუდოდ, ეს შეხვედრა ორშაბათს შედგება. პარლამენტის თავმჯდომარისგან პასუხი ჯერ არ მიგვიღია, მაგრამ არ მოვეშვებით”,-განაცხადა ზურიაშვილმა.

აფგან მუხთარლის საქართველოდან გაუჩინარებისა და აზერბაიჯანის საზღვარზე დაკავებასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთ მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა  ბრიფინგი გამართა. მისი განცხადებით, ალბათობა იმისა, რომ საზღვრის რომელიმე წერტილი შეიძლება მესაზღვრის გვერდის ავლით გადაკვეთოს ადამიანმა, დაბალია, მაგრამ არსებობს.

ბაქოს სასამართლომ ჟურნალისტს 3 თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ჟურნალისტი საქართველოსა და აზერბაიჯანის წინააღმდეგ ევროსასამართლოს მიმართავს.

 

იტვირთბა....