NATO, საქართველო და რუსეთი: ექსკლუზიური ინტერვიუ ანალიტიკოს გია ხუხაშვილთან
ანალიტიკოსი და ბიძინა ივანიშვილის ყოფილი მრჩეველი გია ხუხაშვილი „მეტრონომთან“ ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საქართველოში ჩატარებას და მის მიერ მიღებულ დეკლარაციას აფასებს. ანალიტიკოსი ამბობს, რომ როცა დიდ თამაშში ფსონებს ვზრდით, სადაც მაინც და მაინც ყველაზე მაგარი მოთამაშეები არ ვართ, უნდა გავითვალისწინოთ, რომ წაგების რისკები გაიზრდება. მისი განცხადებით, რუსეთი დღევანდელ დიდ გეოპოლიტიკურ თამაშში საკმაოდ აქტიური და აგრესიულია, ამიტომ ამ ყველაფერს უპასუხოდ არ დატოვებს.
მისი აზრით, რისკები გაზრდილია და ხელისუფლებას მოუწოდებს, ეს რისკები სწორად შეაფასოს და ეიფორიაში არ ჩავარდეს. ხუხაშვილი ფიქრობს, რომ ქვეყნის კონტრდაზვერვამ სწორად უნდა იმუშაოს, რადგანაც კვლავ რაიმე შარში არ გავეხვიოთ.
„მეტრონომი“: გუშინ საქართველოში ნატოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომა ჩატარდა, სადაც ასამბლეამ ჩვენი ქვეყნის მხარდამჭერი დეკლარაცია მიიღო. განსაკუთრებული ყურადღება რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაზეა საუბარი. ამის შემდეგ რუსეთისგან რა სახის რეაქციას უნდა ველოდოთ?
გია ხუხაშვილი: ნატოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებული დეკლარაცია სრულიად პოლიტიკური ნაწილია და ვიცით, რომ მას სხვა რაიმე რეალური დატვირთვა არ აქვს. ეს მუხლი უბრალოდ დამოკიდებულების დეკლარირებაა და არა რაიმე ქმედებების წინაპირობა. მთლიანობაში პათოსი მისაღებია, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს ყველაფერი რისკებთან არის დაკავშირებული.
მართალია, ჩვენ ჩვენი გაცხადებული ვექტორის მიმართულებით, გარკვეულ ნაბიჯებს ვდგამთ და ნატოს საპარლამენტო ასამბლეის თბილისში გამართვა ძალიან სერიოზული ნაბიჯია და უნდა გავათვიცნობიეროთ, რომ ამით ჩვენს ფსონებს ვზრდით.
როცა დიდ თამაშში ფსონებს ვზრდით, სადაც მაინც და მაინც ყველაზე მაგარი მოთამაშეები არ ვათ. უნდა გავითვალისწინოთ, რომ წაგების რისკები იზრდება. რუსეთი დღევანდელ დიდ გეოპოლიტიკურ თამაშში საკმაოდ აქტიური და აგრესიულია.
ამიტომ მგონია, რომ რუსეთი ამ ყველაფერს უპასუხოდ არ დატოვებს. რაღაცას აუცილებლად მოიმოქმედებს. რისკები გაზრდილია და ხელისუფლებას მოვუწოდებ, რომ ეს რისკები სწორად შეაფასოს და ეიფორიაში არ ჩავარდეს. ქვეყნის კონტრდაზვერვამ სწორად უნდა იმუშაოს. რაიმე შარში არ უნდა გავეხვიოთ!
– როდესაც საუბრობთ, რომ რუსეთი ამის საპასუხოდ რაიმეს მოიმოქმედებს, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ საქართველოს მისამართით ჰიბრიდული ომი აწარმოოს, ან რბილი ძალის კიდევ უფრო გააქტიურება დაიწყოს?
– საქართველოში რუსეთის რბილი ძალა ყოველთვის მოქმედებს და არა მხოლოდ რუსეთის. აქ ბევრი საერთაშორისო მოთამაშეა, რომელიც თავის ინტერესებს ატარებს, რათა საქართველოზე გავლენა გააძლიეროს.
თუმცა, აქ რუსეთის შემთხვევაში საუბარია იმაზე, რომ საქართველოს ის პასუხს გასცემს, რაც საკმაოდ ხელშესახები იქნება. რუსეთი ყოველთვის ასე მოქმედებდა, როგორც კი ჩვენ ვიწყებდით აქტიურად დასავლური ვექტორის განვითარებას, ან მავთულხლართები იწევდა, ან სხვა რაღაც უბედურება იწყებოდა.
გამომდინარე იქიდან, რომ რუსეთის ხელისუფლებას ამერიკის პრეზიდენტთან შეხვედრა მოუწევს დიდ სავაჭრო მაგიდასთან, კრემლს სულაც არ აწყობს, რომ საქართველო იქ როგორც ამერიკული აქტივი ისე იქნას განხილული. ამ შეხვედრამდე საკმაოდ სერიოზული რისკის ზონაში ვართ შესულები და ხელისუფლებას დიდი სიფრთხილე სჭირდება.
– ოპოზიცია საქართველოს ხელისუფლებას იმაში ადანაშაულებს, რომ რუსეთის პოლიტიკის მიმართ ლოიალურ დამოკიდებულებას იჩენს და ხშირია განცხადებები, როდესაც „ოცნებას“ პრორუსულობასაც კი აბრალებენ. ახლა კი ვსაუბრობთ იმაზე, რომ დასავლეთთან და ნატოსთან დაახლოებამ შესაძლოა კრემლი გააღიზიანოს და ჩვენს ქვეყანას საფრთხე დაემუქროს…
– დღევანდელი ხელისუფლება გარკვეული პერიოდის მანძილზე ცდილობდა, რომ დაბალანსებული პოლიტიკა ეწარმოებინა და რუსეთის მტკივნეულ ადგილზე მოტივის გარეშე არ გაეღიზიანებინა. მიმაჩნია, რომ ეს სწორი პოლიტიკა იყო.
თუმცა, დაბალანსების ე.წ. პოლიტიკა, ბუნებრივია დიდხანს ვერ გაგრძელდებოდა. როდესაც გლობალური ომი მიდის, ნეიტრალიტეტის დაცვა, მითუმეტეს ისეთ რთულ რეგიონში, როგორიც კავკასიაა, ძალიან გაჭირდება. ადრე თუ გვიან, საქართველოს ძალიან მკვეთრი საგარეო ვექტორის გარკვევა უნდა მოეხდინა.
– გუშინ ნატოს გენერალური მდივნის მოადგილემ განაცხადა, რომ ნატომ განგაშის ზარს შემოჰკრა. რატომ გააქტიურდა ახლა ჩრდილოატლანტიკური ალიანსი?
– ახლა დასავლეთსა და რუსეთს შორის ცივი ომი მიმდინარეობს. ლოგიკურია, რომ ნატო ამ დაპირისპირებას სამხედრო კომპონენტით აღიქვამს. ბუნებრივია, ამ დაპირისპირების ერთ-ერთი ინსტრუმენტი აქტივების ინვენტარიზაციაა.
ბუნებრივია, ნატო ცდილობს, ე.წ. აქტივების მობილიზაცია მოახდინოს. ისინი თვლიან, რომ საქართველო თავისი აქტივია და შესაბამისად ამ გლობალურ დაპირისპირებაში ერთ-ერთი ისტრუმენტის გამოყენება სჭირდება.
ჩვენ ნუ წარმოვიდგენთ ისე, რომ ნატო საქართველოზე როდესაც საუბრობს, მას ჩვენი ლამაზი თვალებისთვის ვუყვარვართ. მას თავისი მიზანმიმართული ინეტერესები აქვს. შესაბამისად, ის ცდილობს, რომ ამ გლობალურ დაპირისპირებაში საქართველოს ფაქტორი გამოიყენოს. ეს ჩვეულებრივი ამბავია, ჩვენც ასე მოვიქცეოდით ამის თავი რომ გვქონდეს. უბრალოდ, ამ თამაშში მხოლოდ პაიკები ვართ და რეალური ფუნქცია არ გვაქვს.
– რა უნდა გააკეთოს ახლა ხელისუფლებამ, ორ ფრონტზე ითამაშოს?
– ახლა უნდა შევეცადოთ, რომ სანამ დიდი გეოპოლიტიკა არ დალაგდება, სანამ ამერიკის პოზიცია და დამოკიდებულება რიგი საკითხების მიმართ ჯერ ჩამოყალიბებული არ არის და გარდამავალი ეტაპია, საქართველომ უნდა ეცადოს, რომ შემთხვევით, ფრონტის წინახაზზე არ აღმოჩნდეს, რისკენაც მიხეილ სააკაშვილი იყო მიდრეკილი, ეს ხელისუფლებაც იგივე ხაფანგში არ აღმოჩნდეს. ვიღაცამ შეიძლება ამ დიდ თამაშში ცუდად გამოგვიყენოს და ეს ჩვენ არ უნდა დავუშვათ.
ავტორი: ელზა პაპოშვილი