ფხენიანმა მორიგი სარაკეტო ცდა ჩაატარა. ჩრდილო კორეის სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, სამხედრო მეთაურობამ ახალი მართვადი ანტისარაკეტო თავდაცვითი სისტემა გამოსცადა. საუბარია ბალისტიკური რაკეტაზე, რომელიც მიზანს საშუალო მანძილზე ანადგურებს.
BBC-ის ცნობით, ცდებს ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი ესწრებოდა. კორეული მედიის ინფორმაციით, ქვეყნის ლიდერმა ამ სისტემის ელემენტების მასობრივი წარმოების ბრძანება გასცა.
დიდი შვიდეულის სამიტზე დონალდ ტრამპმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ კორეის პრობლემა აუცილებლად მოგვარდება, თუმცა რა მეთოდებს მიმართავს შეერთებული შტატების პრეზიდენტს არ დაუკონკრეტებია.
ოფიციალური ფხენიანის მტკიცებით, ახალი ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა სამხედრო მეცნიერების აკადემიის სპეციალისტებმა შექმნეს, რომელიც მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ჩრდილოეთ კორეის სამხედრო ძალებს.
კიმ ჩენ ინი ამ სისტემის მუშაობის კმაყოფილი დარჩა. მან განაცხადა, რომ ახალი სისტემა მაქსიმალურად დიდი რაოდენობით უნდა გამოუშვან, რომ „ტყესავით დაფაროს ქვეყანა“. მისივე თქმით, ჩრდილოეთ კორეის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა „მტრებს გაუქრობს იმის ილუზიას, რომ საჰარეო სივრეც ისინი მართავენ.“
ჩრდილოეთ კორეამ ბოლოს ბალისტიკური რაკეტები 28 აპრილს და 13 მაისს გაუშვა. 13 მაისს ბალისტიკურმა რაკეტამ დაახლოებით 30 წუთის განმავლობაში იფრინა და იაპონიის ზღვაში ჩავარდა. გაერო-ს უშიშროების საბჭომ ფხენიანს ბალისტიკური რაკეტების გამოცდების შეწყვეტა მოსთხოვა და ახალი სანქციებით დაემუქრა.