შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის ლანჩხუთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1976 წელს დაბადებული ნ.ჭ., დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და გადაზიდვის ბრალდებით, ლანჩხუთში დააკავეს. ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ შსს ავრცელებს.
სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღეს ნარკოტიკული საშუალება „სუბოქსინის“ 4 აბი, რომელიც, ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ბუპრენორფინს შეიცავს.
უწყების ცნობით, ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ ნ.ჭ. დაკავებისას ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა. ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და გადაზიდვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).