ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება სამართალი

დიდი ბრიტანეთის შს მინისტრი: “ბარბაროსული თავდასხმის სამიზნე ახალგაზრდები და ბავშვები იყვნენ”

“ეს იყო ბარბაროსული თავდასხმა, რომლის სამიზნეც იყო საზოგადოების ყველაზე მოწყვლადი ჯგუფი – ახალგაზრდები და ბავშვები”, – ამის შესახებ აღნიშნულია დიდი ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მინისტრის სახელით გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში.

„ჩემი ფიქრები ახლა დაღუპულთა და დაშავებულთა ოჯახებთან არის და დარწმუნებული ვარ, მთელი ქვეყანა იზიარებს ამ ემოციას.

მინდა პატივისცემა გამოვხატო სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფების მიმართ, რომლებმაც მთელი ღამის განმავლობაში პროფესიონალურად იმუშავეს, მათ შესანიშნავად შეასრულეს თავიანთი მოვალეობები“, – აღნიშნულია შინაგან საქმეთა მინისტრის სახელით გავრცელებულ განცხადებაში.

განცხადების ტექსტში ხაზგასმულია, რომ შსს მომხდარის დეტალებზე მხოლოდ პრემიერ-მინისტრთან დაგეგმილი შეხვედრის შემდეგ ისაუბრებს.

მანჩესტერ არენაზე პოპმომღერლის არიანა გრანდეს კონცერტის დასრულების შემდეგ აფეთქება მოხდა, რომელსაც 22 ადამიანი ემსხვერპლა და 50-ზე მეტი დაშავდა.

აფეთქების შედეგად არ დაშავებულა ამერიკელი პოპმომღერალი არიანა გრანდე. ამის შესახებ მედიას მისმა წარმომადგენელმა განუცხადა.

მომხდარს სამართალდამცველები შესაძლო ტერორისტულ თავდასხმად განიხილავენ. ამის შესახებ ინფორმაციას მედია, ანტიტერორისტულ განყოფილებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მედიის ინფორმაციით, კონცერტზე მყოფი მაყურებლის დიდ ნაწილს ბავშვები და ახალგაზრდები შეადგენდნენ. პოლიციამ მიმდებარე ტერიტორია გადაკეტა. ადგილზე გამოიძახეს გამნაღმველებიც.

იტვირთბა....