“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი წევრი, რომან გოცირიძე, ფეისბუქის საკუთარ გვერდზე შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:
“ჯანდაცვის სამინისტრო მკვლელია!
თვე არ გავა, ფსიქიურად დაავადებულმა ადამიანმა რაიმე დანაშაული არ ჩაიდინოს ან საკუთარ თავს არ მიაყენოს ზიანი.
გუშინ ახალგაზრდა ქალმა კვლავ მოკლა მშობელი.
ოთხმილიონიან ქვეყანაში იმაზე მეტი უბედური შემთხვევა ხდება, ვიდრე მასზე მრავალრიცხოვან ქვეყნებში.
ათასობით პაციენტი არის დარჩენილი მკურნალობის გარეშე. ფსიქიატრიის სფეროს დაფინანსება კატასტროფულ მდგომარეობაშია. წელიწადში მხოლოდ 16 მილიონი ლარი იხარჯება ყველაფერზე, რაც კი ფსიქიატრიას ეხება-საავადმყოფოებით დაწყებული, პოლიკლინიკებით დამთავრებული. ეს ფული დასავლეთში ერთ ფსიქიატრიულ კლინიკასაც კი არ ეყოფოდა.
მაშინ, როცა ჯანდაცვის ბიუჯეტმა მილიარდ ლარს მიაღწია, წლებია ფსიქიატრიას დაფინანსება არ ეზრდება. პირიქით, ლარის გაუფასურებისა და მედიკამენტებზე ფასების ზრდის გამო, რეალურ გამოხატულებაში დაფინანსება მნიშვნელოვნად შეუმცირდათ.
ყველაზე დაუცველ ადამიანებს ყველაზე სასტიკად და უსინდისოდ ექცევიან.
გასარეკია მთელი სამინისტროს უფროსობა!”- წერს გოცირიძე.
“მეტრონომი” საქართველოში ფსიქიატრიული კლინიკების შესახებ წერდა სათაურით:
სად მოთავსდება მშობლების მკვლელობაში ბრალდებული, თუკი დადგინდა, რომ ის შეურაცხადია
ორთაჭალაში, დედის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს ანი მურადელი, რომელიც წლების განმავლობაში ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის წამყვანი სოლისტი იყო. მას გამოძიება ბრალად დედისთვის თავში ბლაგვი საგნის ჩარტყმით მკვლელობას ედავება.
როგორც “მეტრონომს ” შსს-ს პრსსამსახურში განუცხადეს, გამოძიება 11-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახში ძალადობის ნიადაგზე ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.