მაშინ, როცა საქართველოში 36 ათასზე მეტი ადამიანი ფსიქიატრიულ აღრიცხვაზეა და კლინიკებში სულ 1551 საწოლია – რა ხდება ფსიქიატრიულ კლინიკებში
საზარელი შემთხვევა მოხდა სოფელ ლიაში. 35 წლის ახალგაზრდა მამაკაცი ბრალდებულია, რომ საკუთარ მშობლებს ნაჯახით თავი მოკვეთა. ის ფსიქიატრიულ – ამბოლატორიულ აღრიცხვაზე იმყოფებოდა და ადგილობრივების განცხადებით, ჰალუცინაციებიც ჰქონდა. ამ ინფორმაციამ ქვეყანაში ფსიქიატრიული კლინიკების რაოდენობისა და მდგომარეობის შესახებ კითხვები გააჩინა.
როგორ ხდება საქართველოში ფსიქიკური პრობლემების პაციენტების მკურნალობა? არის თუ არა საკმარისი რაოდენობით საწოლები და რატომ შეიძლება ამგვარი საზარელი დანაშაული მოხდეს აღრიცხვაზე მყოფი პირისგან ? – ამ და სხვა კითხვებზე „მეტრონომს“ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ჯანდაცვის დეპარტამენტის უფროსმა, მარინა დარახველიძემ უპასუხა.
„მეტრონომი“: რატომ დაიხურა თბილისში, ასათიანის ქუჩაზე მდებარე ფსიქიატრიული კლინიკა და ამ ეტაპზე, ქვეყნის მასშტაბით, რამდენი დაწესებულებაა?
მარინა დარახველიძე: „თბილისში მდებარე ასათიანის კლინიკა 6 წლის წინ დაიხურა და პაციენტები გადანაწილდნენ სხვადასხვა, კერძო და სახელმწიფო მფლობელობაში არსებულ დაწესებულებებში. მომსახურება ამ დაწესებულებებში გრძელდება. 12 სტაციონარული დაწესებულება გვაქვს, რომელიც ფსიქიკური ჯანმრთელობის სახელმწიფო პროგრამაში იღებს მონაწილეობას. ამ 12-დან 3 დაწესებულება არის კერძო საკუთრებაში. ეს არის მულტიპროფილური დაწესებულებები: შპს „ო. ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრი“, შპს „მე-5 კლინიკური საავადმყოფო“ და შპს „უნიმედი კახეთის“ თბილისის რეფერალური ჰოსპიტალი, სადაც განთავსებულია ფსიქიკური ჯანმრთელობის დეპარტმენტები.
საქართველოში ფსიქიატრიული მომსახურების ხარჯები, როგორც ამბოლატორიული, ასევე სტაციონარული მომსახურება, სრულად დაფარულია სახელმწიფოს მიერ“.
– არსებობს ინფორმაცია, რომ დეფიციტურია სტაციონარული სერვისი ამ სფეროში და ყველა პაციენტის მოთავსება ვერ ხერხდება. რა კრიტერიუმებით ხდება პაციენტების მოთავსება კლინიკაში?
– „ვერ ვიტყვი რომ საწოლები დეფიციტურია. მიმდინარე პერიოდში 1551 საწოლია ქვეყნის მასშტაბით. აქედან 30 ეკუთვნის სასჯელაღსრულების სისტემას. საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა სიმძლავრის სახელმწიფო დაწესებულებებია. არის მსხვილი, დიდმასშტაბიანი სტაციონარული დაწესებულებები, მაგალითად: ხონის რაიონის სოფელ ქუტირში მდებარე კლინიკა, რომელიც გასხვისდა და კერძო – საჯარო პარტნიორობის საფუძველზე განხორციელებული პროექტია. ამ დაწესებულების 5% ფლობს სახელმწიფო ზედამხედველობის განხორციელების მიზნით, დანარჩენი კი კერძო საკუთრებაშია, რომელსაც ხელშეკრულების თანახმად ეკისრება ინვესტიციების განხორციელება ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისა და ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების მიწოდების მიზნით. რაც შეეხება კრიტერიუმებს, ფსიქიატრია მედიცინის ისეთი დარგია, სადაც ძალიან დეტალურად არის რეგულირებული პაციენტის სტაციონარში მოთავსების და გაწერის კრიტერიუმები. მას კანონი და მისი ნორმატიული ქვემდებარე აქტები არეგულირებს. ყოვლად დაუშვებელია ნორმატივების დარღვევით პაციენტის მოთავსება დაწესებულებაში, ან მისი დაყოვნება, თუ ის გაწერას საჭიროებს“.
– რამდენი პაციენტია ქვეყნის მასშტაბით ამბულატორიულ აღრიცხვაზე მყოფი და საკმარისია თუ არა ეს 1551 საწოლი?
– „აღრიცხვაზე 36 610 პაციენტია, ხოლო მათგან ამბულატორიული მომსახურებით, აგვისტოს ჩათვლით, ისარგებლა 21 081-მა პაციენტმა.
აღრიცხვაზე მყოფი პაციენტების რაოდენობას სტაციონარული საწოლების რაოდენობასთან ვერ დავაკავშირებ. აღრიცხვაზე იმყოფება პაციენტი ამბულატორიულ დაწესებულებაში და არ არსებობს ვალდებულება, რომ ყველა ამბულატორიულ აღრიცხვაზე მყოფი პაციენტი მოთავსდეს სტაციონარში. ამას აქვს თავისი კრიტერიუმები და თუ აკმაყოფილებს, იმ შემთხვევაში თავსდება და არა მხოლოდ საკუთარი ან ოჯახის სურვილის მიხედვით.
სტაციონარულ დაწესებულებაში მოთავსების კრიტერიუმებს მინისტრის ბრძანება და კანონი განსაზღვრავს. კანონში მითითებულია, რომ სტაციონარული დახმარება ნებაყოფლობითია, გარდა იძულებითი და არანებაყოფლობითი შემთხვევისა, შესაბამისი სამედიცინო ჩვენებით“.
– ამ თემით დავინტერსდით იმ საზარელი შემთხვევის შემდეგ, როცა პოლიციამ ბრალი მშობლების დახოცვაში დასდო ამბულატორიულ აღრიცხვაზე მყოფ პირს. რატომ არ იყო ბრალდებული მოთავსებული სტაციონარში და თუ დაადასტურებს სასამართლო მის შეურაცხადობას, ის სად მოთავსდება?
– „ცალსახად ვერავინ განსაზღვრავს, რომ ასობით პაციენტი, რომელიც ამბულატორიულ მეთვალყურეობაზე იმყოფება, სტაციონარში აუცილებლად უნდა მოთავსდეს. თუ პაციენტი სათანადო კრიტერიუმებს არ აკმაყოფილებს, მისი სტაციონარულ დაწესებულებაში მოთავსების უფლება არავის არ აქვს. პირიქით, თუ კრიტერიუმები ამოწურულია, ერთი დღეც არ შეიძლება პაციენტის ფსიქიატრიულ სტაციონარში დაყოვნება.
რაც შეეხება დანაშაულის შემთხვევას, თუ სასამართლო დაადგენს, რომ ის ვერ აცნობიერებდა დანაშაულს, ამ შემთხვევაში იწყება იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობა. 2014 წელს იქნა ცალკე გამოყოფილი იძულებითი მკურნალობა. იძულებითი მკურნალობის შემთხვევაში სისხლის სამართლის საქმე წყდება და პაციენტი თავსდება მკურნალობისთვის სტაციონარში, მაგრამ არაუმეტეს 4 წლისა. თუ ამ 4 წლის განმავლობაში სტაციონარული მკურნალობა იქნება შედეგიანი და ამოიწურება იძულებითი მკურნალობის კრიტერიუმები, პაციენტი ეწერება სტაციონარიდან და გადადის ამბულატორიულ მკურნალობაზე. თუ არ დასრულდება მისი მკურნალობა 4 წლის ფარგლებში და არ ამოიწურება იძულებითი მკურნალობის კრიტერიუმები, მაშინ გრძელდება სტაციონარული მკურნალობა კანონმდებლობის შესაბამისად.
რაც შეეხება არანებაყოფლობით მკურნალობას, ის ხორციელდება იმ შემთხვევაში, როცა დანაშაულის ჩადენის მომენტში პირი მას აცნობიერებდა, მაგრამ სასჯელაღსრულების სისტემაში მოხვედრის შემდეგ ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროს მხრივ განვითარდა ისეთი მოვლენები, რომ მას დასჭირდა სტაციონარული მკურნალობა“.
– როცა აღრიცხვაზე მყოფი პაციენტი ამგვარ დანაშაულს ჩადის, შეიძლება ვთქვათ, რომ მისი სტაციონარში არმოთავსებით ჯანდაცვის მიმართულებით შეცდომა მოხდა?
– „შეიძლება გარკვეულ პირობებში პაციენტის მდგომარეობა გამწვავდეს და ექიმმა მისი ნახვა ვერ მოასწროს. შეიძლება მდგომარეობა თანდათან გამწვავდეს, ექიმის ზედამხედველობის ქვეშ და თავად ექიმმა გადაწყვტოს მისი სტაციონარში მოთავსება. შესაბამისად, კანონმდებლობა ამის შესახებ ამბობს, რომ ფსიქიატრიულ სტაციონარში პაციენტი თავსდება :
1 – პირველადი ჯანდაცვის ექიმის, ექიმი-ფსიქიატრის, ან სხვა სამედიცინო დაწესებულების დასკვნით, როცა ექიმი ხედავს ამას და აძლევს რეკომენდაციას;
2 – სამართალდამცველი ორგანოების მიერ პაციენტის მოყვანის შემდეგ, შესაბამისი სამედიცინო დასკვნის საფუძველზე;
3 – გადაუდებელი სამედიცინო დასკვნის საფუძველზე, ან პაციენტის, ან მისი კანონიერი წარმომადგენლის თხოვნით, თუ პირის ფსიქიატრიული მდგომარეობა სასწრაფო სტაციონარულ დახმარებას საჭიროებს და ა.შ.
ასევე არის კრიტერიუმი, რომ პაციენტი თავად უნდა იყოს თანახმა სტაციონარულ მკურნალობაზე (წერილობით ინფორმირებული თანხმობა). არანებაყოფლობით სტაციონარულ მკურნალობას ასევე აქვს თავისი კრიტერიუმები (მაგ.: ქცევის აშლა, რომლის მიზეზია: ა) ფსიქომოტორული აგზნება; ა) ჰალუცინაციები; ა) ბოდვა; ა) ფსიქიკური ავტომატიზმის სინდრომი; კატატონიური სინდრომი; ა) ცნობიერების შეცვლის მდგომარეობა); და წესები აქვს(მაგ: სჭირდება სასამართლოსათვის მიმართვა და ა.შ.)“.
– პირს, რომელიც მშობლების დახოცვაშია ბრალდებული, ამბობენ, რომ ჰალუცინაციები ჰქონდა, თუმცა ის მხოლოდ ამბულატორიულ აღრიცხვაზე იყო…
– „თუ პაციენტს ჰალუცინაციები ჰქონდა და ეს გამოხატული იყო, ოჯახს შეეძლო მიემართა პირდაპირ სტაციონარისთვის, ან იმ ამბულატორიული დაწესებულებისათვის, სადაც პაციენტი აღრიცხვაზე იყო. ექიმი შეაფასებდა მის მდგომარეობას და თუ საჭიროდ ჩათვლიდა, სათანადო წესების დაცვით მოთავსდებოდა სტაციონარში“.
– ახალი კლინიკების მშენებლობა თუ იგეგემება?
– „ამჟამად, ჩინეთის სახელმწიფოს გრანტის ფარგლებში, სენაკის ფსიქონევროლოგიური დისპანსერის გაფართოება იგეგმება, სადაც ამჟამად 15 სტაციონარული საწოლია და ის 30- საწოლიანი გახდება, ასევე, ამბულატორიული სექტორი გაძლიერდება. ამავდროულად, თელავში სტაციონარული დაწესებულება არ გვაქვს, მხოლოდ ფსიქონევროლოგიური დისპანსერი გვაქვს და აქაც 30 -საწოლიანი სტაციონარული დაწესებულების და ასევე, ამბულატორიული დაწესებულების მშენებლობა იგეგმება“.
ცნობისთვის, ზუგდიდის საოლქო სასამართლოში „მეტრონომს“ განუცხადეს, რომ მშობლების მკვლელობაში ბრალდებულისთვის პროკურატურამ პატიმრობა მოითხოვა, რაც სასამართლომ დააკმაყოფილა. თუმცა, საბოლოო განაჩენის გამოტანისთვის, კიდევ ორი სასამართლო სხდომა უნდა გაიმართოს, სადაც არსებითი განხილვის შემდეგ, ბრალდებულის ფსიქიკური მდგომარეობიდან გამომდინარე მიიღება გადაწყვეტილება. წინასასამართლო სხდომა 12 იანვარს არის ჩანიშნული.
მანა ნოდია