გამოძიების ვერსიით, ყოფილი ქმრის მიერ ელექტროსადენით გაგუდული 4 შვილის დედის, მირანდა (თათია) ვაჩეიშვილის მეგობარი, ქეთი პაპუნაშვილი, სოციალურ ქსელში სკანდალურ ინფორმაციას აქვეყნებს. მისი ცნობით, მკვლელობაში ბრალდებული გიორგი ჯანაშვილი ერთი წლის წინაც ცდილობდა ყოფილი ცოლის მკვლელობას, თუმცა ადვოკატმა სოსო ჯოგლიძემ ის შეურაცხადის სტატუსის მინიჭებით გადაარჩინა პასუხისმგებლობისგან:
“ეს აუცილებლად უნდა ვთქვა.
რამდენიმე ადგილას დაწერეს, თითქოს ძალადობაზე ჩუმდებოდა მირანდა ვაჩეიშვილი.
თითქოს არ მიმართა შესაბამის სტრუქტურას.
სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, მიმართა არაერთხელ. არსებობდა შემაკავებელი ორდერი, რომელიც არ და ვერ იცავს ქალს და იქნებ გაიგოს როგორმე იმან, ვინც ეს ჩემზე უკეთ უნდა იცოდეს.
გასულ ზაფხულს, მირანდა, იგივე თათია ვაჩეიშვილს სახლში ბენზინი შეუსხა ამ მკვლელმა და ექვსი თვის ბავშვთან ერთად უპირებდა ცოცხლად ამოწვას. ვერაფრით მიაღწია ამ გოგომ, რომ საქმე აღძრულიყო მკვლელობის მცდელობის მუხლით. აღიძრა საქმე, მას მერე რაც ბევრი იწვალა, ოღონდ ქონების დაზიანების მუხლით. ადვოკატმა სოსო ჯოგლიძემ უთხრა მაშინ თათია, იგივე მირანდა ვაჩეიშვილს- რაც გინდა ბევრი იწვალო, ამას გავუკეთებთ გიჟის საბუთს და ზარალს, ანუ დამწვარ კარს აგინაზღაურებთო. სხვათაშორის, არც ზარალი ანაზღაურებულა. ეს ისე, ცნობისთვის.
ამ ფაქტის გამო სამი ადამიანი მოხვდა საავადმყოფოში, მათ შორის -6 თვის ბავშვი.
მეტი რა უნდა ექნა ამ ქალს? მოკვლა დაესწრო?”-წერს ქეთი პაპუნაშვილი, რომელმაც მოგვიანებით, საგანგაშო ინფორმაცია გამოაქვეყნა “ფეისბუქზე”:
“ესეც უნდა ვთქვა.
პირადში მწერენ და მაფრთხილებენ ადამიანები, ვინც მკვლელს, მკვლელის დედას და მამინაცვალს იცნობს, რომ ვიყო ფრთხილად, რადგან საქმე მაქვს მანიაკების ოჯახთან. რომ გავუფრთხილდე საკუთარ თავს და შვილებს, რადგან ჯოგლიძე ისევ ფსიქიატრიულში გაამწესებს ამ ნაძირალას და იქიდან გამოიპარება ან თავს დააღწევს რამენაირად და მე და თათიას ბავშვებს მიგვაყოლებს თათიას.
მეუბნებიან, რომ წარმოდგენა არ მაქვს ვის ვუპირისპირდები.”-წერს პაპუნაშვილი.
“მეტრონომი” დეტალების დასაზუსტებლად მას დაუკავშირდა. ქეთი პაპუნაშვილმა დაგვიდასტურა, რომ მას ნაცნობები აფრთხილებენ, სოციალურ ქსელში არ იაქტიუროს, რადგან ეს შეიძლება მისთვის სახიფათო იყოს:
“მაფრთხილებენ, რომ მონსტრების ოჯახია და ხელში არ ჩავუვარდე. ეს არაერთმა ნაცნობმა მითხრა უკვე. სოსო ჯოგლიძე მისი მამინაცვალია და იმ დროს, როცა ჯანაშვილმა ყოფილ ცოლს და 6 თვის ბავშვს სახლში ბენზინი შეუსხა და მათი დაწვა სცადა, პასუხისმგებლობისგან ის სავარაუდოდ ჯოგლიძემ გადაარჩინა- ფსიქიურად ავადმყოფიაო. ასეთი ავადმყოფები გარეთ თუ უნდა დადიოდნენ და ხალხს ხოცავდნენ, არ ვიცი…”-განგვიცხადა ქეთი პაპუნაშვილმა.
“მეტრონომი” ადვოკატ სოსო ჯოგლიძესაც დაუკავშირდა (ცნობისთვის, წარსულში ის ვაზაგაშვილის აფეთქებაში ბრალდებული გია სოსანაშვილის ადვოკატი იყო), რომელმაც განგვიცხადა, რომ აპირებს ბრალდებულის შეურაცხადობა დააყენოს შუამდგომლობად საქმის მსვლელობისას.
“მეტრონომი”: ყოფილი ცოლის სახლში ბენზინის შესხმასთან დაკავშირებულ საქმეზე გიორგი ჯანაშვილი სასამართლომ შეუარაცხადის სტატუსით გაათავისუფლა?
სოსო ჯოგლიძე: არ ვიცი, ამ საქმეზე მისი ადვოკატი მე არ ვიყავი, არ ვიცი ვინ იყო…
-თქვენ მისი მამინაცვალი ბრძანდებით?
-არა, გენაცვალე, ეს საიდან მოიტანეთ… არა, კაცო…
-ახლა უკვე, როცა მისი ადვოკატი ხართ, რა კომენტარს გააკეთებთ მიმდინარე საქმეზე?
-ჯერ დაიწყო წინასწარი გამოძიება. დავაყენე შუამდგომლობა რომ დაინიშნოს ფსიქიატრიული ექსპერტიზა და რა ვიცი, რა იქნება…
-გავრცელებული ცნობით, ჯანაშვილი ადრეც ამ მიზეზით (შეურაცხადობა) გათავისუფლდა პასუხისმგებლობისგან. ახლა ის უკვე მკვლელობაშია ბრალდებული…
-მტკიცებულება უნდა იყოს გაკეთებული სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის მიერ. არის თუ არა შეურაცხადი, ამის გასარკვევად შუამდგომლობა დავწერე. დანარჩენს ვერ მოგახსენებთ, ჩემი პრეროგატივა არ არის…
ამბავმა, რომლის მიხედვითაც 4 შვილის დედა ელექტროსადენით გაგუდული იპოვეს, მთელი სოციალური ქსელი მოიცვა. თავიდან გაჟღერდა, რომ მკვლელობაში ეჭვმიტანილი მისი ყოფილი მეუღლე იყო, რომელმაც დანაშაული აღიარა. იგი ამ დროისთვის დაკავებულია. თუმცა, მოგვიანებით ეჭვმიტანილის დედამ განაცხადა, რომ მისი შვილი დაღუპული ქალბატონის ქმარი არასოდეს ყოფილა.
39 წლის მირანდა (თათია) ვაჩეიშვილი, ერთდღიანი ძებნის შემდეგ გლდანის მეოთხე მიკრორაიონში მოკლული იპოვეს. გამოძიების ვერსიით, მკვლელი მისი ყოფილი მეუღლეა, რომელიც უკვე დაკავებულია და მან, გიორგი დანაშაულიც აღიარა.
ოჯახის ინფორმაციით, მირანდა ვაჩეიშვილმა პოლიციას არაერთხელ მიმართა, რადგან ყოფილი ქმარი გამუდმებით ემუქრებოდა მასაც და შვილებსაც. ერთხელ მათი დაწვაც კი სცადა.
ბრალდებულმა დანაშაული აღიარა, თუმცა მისი და მისი ინტერესების დამცველის განცხადებით, აღმკვეთ ღონისძიებად მოსამართლეს პატიმრობა არ უნდა გამოეყენებინა, რადგან ადვოკატი ვარაუდობს, რომ ჯანაშვილს ფსიქიკური პრობლემები აქვს. მკვლელობის მოტივად ეჭვიანობა სახელდება.
“რომ არა თქვენ, არ ვიცი რა მეშველებოდა…”: გულისშემძვრელი წერილი, რომელიც 4 შვილის დედამ სიკვდილამდე დატოვა
რა წერილი დატოვა 4 შვილის დედის მკვლელობაში ბრალდებულმა 2 დღით ადრე