ერთი ბიზნესმენი, რომელიც ქვეყნის მშენებლობაში ერთი აგურის როლს ასრულებს
2010 წლის 17 ივნისს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ბრიუსელში, ხელი მოაწერა შეთანხმებას საქართველოსა და ევროკავშირს შორის ვიზების გაცემის პროცედურის გამარტივების შესახებ. აღნიშნული შეთანხმება ძალაში 2011 წლის პირველ მარტს შევიდა.
მაშინდელი საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტის შესაბამისად ვიზის მიღების პროცესი შემდეგი კატეგორიის ადამიანებისთვის უნდა გამარტივებულიყო: ჟურნალისტებისთვის, საერთაშორისო სპორტულ ღონისძიებებში მონაწილე პირთათვის, მეწარმეებისა და კომერციული ორგანიზაციის წარმომადგენლებისთვის.
“ისინი ვისაც ხშირად უწევს მგზავრობა ევროკავშირში მიიღებს მრავალჯერად ვიზას უფრო გრძელი ვადით”.- ნათქვამია დოკუმენტში.
აღნიშნული შეთანხმება ევროკავშირის წევრ ქვეყნებზე ვრცელდება, დიდი ბრიტანეთის, ირლანდიის (რომლებიც არ არიან შენგენის ხელშეკრულების ხელმომწერნი) და დანიის გარდა.
2010 წელს ხელმოწერილი დოკუმენტისა და არსებული ვადებულების მიუხედავად, ბოლო დროს ქართველ მეწარმეებს იტალიის ვიზასთან დაკავშირებით პრობლემები ექმნებათ. უფრო ზუსტად, ისინი ხანგრძივი ვიზის მიღებას ვერ ახერხებენ. „მეტრონომთან“ რამდენიმე პერსონამ მსგავსი მწუხარება გამოთქვა. ჩვენთან საუბარში მეწარმეები აღნიშნავენ, რომ უკანასკნელ პერიოდში იტალიის საკონსულო დაუსაბუთებელ უარს ეუბნება ხანგრძლივი ვიზის გაცემაზე და მხედველობაში არ იღებს ამ ადამიანების ხანგრძლივ სამოგზაურო ისტორიას, მათ შორის ევროკავშირის ქვეყნებში.
“მეტრონომი” საგარეო საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა. გვაინტერესებდა გააჩნდა თუ არა სამინისტროს რაიმე ბერკეტი მსგავსი დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების გადახედვისას. ამასთანავე, ჩვენ უწყებას ვიზის გაცემის გამარტივების შეთანხმებაც შევახსენეთ, რომელიც პირველმა დიპლომატმა რამდენიმე წლის წინ დადო. სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განაცხადეს, რომ კონკრეტული ბერკეტი არ გააჩნიათ, თუმცა თავად საკონსულოში არსებობს გასაჩივრების მექანიზმის და უკმაყოფილების შემთხვევაში უწყება მოქალაქეებს ალტერნატივასაც სთავაზობს. მეწარმეთა ჯგუფს შეუძლია განცხადებით თავად სამინისტროს მიმართოს და ამ შემთხვევაში საგარეო უწყება კონკრეტულ საელჩოსთან მედიატორის როლს შეასრულებს. ბუნებრივია, ეს საკმაოდ ხანგრძლივი პროცედურაა, მაშინ როცა ბიზნეს-სამყარო სწრაფ გადაწყვეტილებებს საჭიროებს.
„მეტრონომმა“ იტალიის ელჩს საქართველოში, ანტონიო ენრიკო ბარტოლის წერილი გაუგზავნა. წერილში ელჩს ვკითხეთ, რა მიზეზით ეუბნება საელჩო ხანგრძლივ ვიზაზე უარს ადამიანებს, რომლებიც ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებენ იმისთვის, რომ ერთწლიანი და მეტი ხნით ვიზა მიიღონ და მეორე – გვინდოდა იტალიის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელისგან გაგვეგო, უშვებს თუ არა იმ შესაძლებლობას, რომ მსგავსმა, ხშირმა გადაწყვეტილებებმა შესაძლოა საქართველო-იტალიის ურთიერთობებზე უარყოფით გავლენას მოახდინოს, მითუმეტეს, როცა არსებობს 2010 წელს ხელმოწერილი შეთანხმება.
„მეტრონომს” იტალიის საელჩოში განუცხადეს, რომ ბიზნეს-სამეწარმეო ურთიერთობები მათთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია და ვიზის მიღების კუთხით ქართველ ბიზნესმენებს შეფერხების ან უარის მიღების კუთხით პრობლემა არ ექმნებათ.
გთავაზობთ იტალიის საელჩოდან მიღებულ წერილს:
„უპირველეს ყოვლისა მნიშვნელოვანია ხაზი გავუსვათ იმ ფაქტს, რომ ამა თუ იმ ქვეყანაში გასამგზავრებლად საჭირო ვიზის მისაღებად უნდა არსებობდეს მნიშვნელოვანი მიზეზი. ამ შემთხვევაში, რადგან ბიზნესმენებზე ვსაუბრობთ გეტყვით, რომ მეწარმეებმა ნათლად უნდა განმარტონ რატომ სურთ აღნიშნულ ქვეყანაში გამგზავრება.
იტალია, როგორც ევროკავშირის წევრი სახელმწიფო და შენგენის ზონის ქვეყანა იცავს ევროკავშირის ქვეყნებში მოქმედ სავიზო კანონებს. ვიზის გაცემის პროცედურის გამარტივების შესახებ შეთანხმება, რომელიც თქვენ ახსენეთ მოიცავს ბიზნესმენებსაც.
წევრ სახელმწიფოთა დიპლომატიური მისიები და საკონსულო სამსახურები გასცემენ მრავალჯერად ვიზებს ერთ წლამდე იმ პირებზე, რომლებმაც წინა წელს აიღეს ერთი ვიზა მაინც, გამოიყენეს ეს ვიზა შესვლისა და ყოფნის წესების შესახებ ადგილსამყოფელი წევრი სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად და არსებობს მათ მიერ მრავალჯერადი ვიზის მოთხოვნის საფუძველი.
როგორც ხედავთ გრძელვადიანი ვიზის მიღება გარკვეულ შეზღუდვებთან არის დაკავშირებული და ამ შეზღუდვებსა და წესებს ბუნებრივია ჩვენი საკონსულოც ექვემდებარება. სამწუხაროდ, კანონის თანახმად ყველას ვისაც სურს მიიღოს გრძელვადიანი ვიზა ამას ვერ ახერხებს.
ამას გარდა ბოლო ორი წელია იტალია, როგორც შენგენის ზონის ქვეყანა საქართველოს აძლევს შესაძლობლობას ვიზა 3-4 დღეში აიღოს. აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში ე.წ სავაჭრო ვიზების რიცხვი იზრდება, ეს კი გულისხმობს იმას, რომ იღებს შენგენის ზონის რომელიმე ქვეყნის ვიზას, მაშინ როცა პირს სურს შენგენის ზონის სხვა ქვეყანაში გამგზავრება და ეს რეჟიმი მას შესაძლებლობას აძლევს იმოგზაუროს იმ ქვეყანაში, სადაც სურს ისე, რომ ვიზის გამცემ ქვეყანაში არც ჩავიდეს. ეს პრაქტიკა შენგენის ზონის კანონდებლობით რეგულირდება და გამოიყენებოდა როგორც ვიზაზე უარის თქმის საპასუხოდ, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ შენგენის ზონის თითოეულმა სახელმწიფომ თავად გადაწყვიტოს ვის მისცეს საკუთარ ტერიტორიაზე შესვლის უფლება.
ამას გარდა, არსებობს სტატისტიკური ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საკონსულოს მიერ მეწარმეთათვის ვიზების გაცემის რიცხვი არ შემცირებულა. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ბიზნესმენებზე გაცემული ვიზების რაოდენობა შემდეგია: 2014 წელი- 1832; 2015 წელი -1711, ხოლო 2016 წლის ხუთ თვეში ჩვენ აღნიშნულ კატეგორიაზე სულ 695 ვიზა გავეცით. შეგვიაძლია ვივარაუდოთ, რომ წლის ბოლოსთვის დაახლოებით 1400-1500 იქნება. ხაზი უნდა გაესვას იმ ფაქტს, რომ 2015 წელს საქართველოში შენგენის ზონაში ვიზის მოთხოვნა შემცრებული იყო, თუმცა იტალიის საკონსულოს მიერ ბიზნესმენებზე ვიზის გაცემის პროცენტული რაოდენობა თითქმის წინა წლების თანაბარი გახლდათ.
მხედველობაში უნდა მივიღოთ ის ფაქტიც, რომ იტალიის საელჩოს მიერ გაცემული ვიზების თითქმის ერთი მესამედი 2015-2016 წლების განმავლობაში მრავალჯერადი იყო. ამგვარად, ჩვენთან ისეთი ცვლილებები ნამდვილად არ განხორციელებულა, რომ მეწარმეებს ვიზის აღებისას პრობლემა შეეექმნათ, ბინესმენებს შეუძლიათ მიიღონ ვიზა და იმოგზაურონ ჩვენს ქვეყანაში საკუთარი საქმიანობის განსახორციელებლად.
ჩვენთვის ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობები პრიორიტეტულია და ვაგრძელებთ მუშაობას, რათა უფრო განვითარდეს, გაძლიერდეს თანამშორმლობა სხვადასხვა სექტორში. მჭიდრო ეკონომიკური ურთიერთობა ორივე ქვეყნისთვის მომგებიანია.”- აცხადებენ საელჩოში.
მაგალითად, ჩვენი ერთ-ერთი რესპოდენტი, რომლის ვინაობის დასახელებისგან მისივი თხოვნით თავს ვიკავებთ (საელჩოს დაინტერესების შემთხვევაში რედაქცია მიაწვდის ამ ადამიანის შესახებ ინფორმაციას) საქართველოსა და ევროკავშირს შორის ვიზების გაცემის პროცედურის გამარტივების შესახებ შეთანხმების ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებს, მათ შორის საელჩოს მიერ მოყვანილი მე-5 მუხლის “ წევრ სახელმწიფოთა დიპლომატიური მისიები და საკონსულო სამსახურები გასცემენ მრავალჯერად ვიზებს ერთ წლამდე ვადით შემდეგი კატეგორიის პირებზე, იმ პირობით, თუ წინა წელს მათ აიღეს ერთი ვიზა მაინც, გამოიყენეს ეს ვიზა შესვლისა და ყოფნის წესების შესახებ ადგილსამყოფელი წევრი სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად და არსებობს მათ მიერ მრავალჯერადი ვიზის მოთხოვნის საფუძველი“ – ამ ნაწილსაც. სხვათაშორის, აქვე აღვნიშნავთ, რომ ამ შეთანხმების ტექსტი დევს თავად იტალიის საელჩოს საიტზეც.
თუ საკონსულო ვიზის გასაცემად ბიზნესმენებისგან წინა წელს შენგენის ვიზის აღებას ასახელებს, ჩვენმა რესპოდენტმა ევროზონაში, გასულ წელს (ანუ შეთანხმების დოკუმენტში მითითებული 1 წლის განმავლობაში) რამდენჯერმე იმოგზაურა.
იტალია – 12.02.15- 18.02.15
ლატვია – 07.05.15 – 08.05.15
საფრანგეთი – 20.05.2015 – 23.05.2015,
საბერძნეთი – 08.06.2015 – 12.06.2015
იტალია – 28.06.2015 – 01.07.2015 აქედან გამომდინარე, საელჩოს უარი და არგუმენტები ცოტა არ იყოს, საეჭვო და არადამაჯერებელია.
“როდესაც დოკუმენტების წამოსაღებად მივედი ვიკითხე, რა ხანგრძლივობის ვიზა მომცეს. მე ვფიქრობდი სამწლიანი ან ორწლიანი იქნებოდა, იქედან გამომდინარე, რომ იმავე იტალიის საკონსულოს გაცემული 2 წლიანი ვიზა მქონდა, მანამდე კი მქონდა შენგენის 1-წლიანი ვიზები, 6 თვიანი და ა.შ. ჩემდა გასაოცრად, მითხრეს, რომ მხოლოდ ერთთვიანი მომცეს. ვუთხარი ასეთი ვიზა საერთოდ არ მჭირდება. გაუკვირდათ, რადგან მსგავსი შემთხვევა, როცა პასპორტის წაღებაზე მფლობელს უარი ეთქვას, ადრე არ ჰქონიათ, მენეჯერს დაუძახეს. მასაც ვუთხარი, რომ პასპორტი არ მიმქონდა, რადგან ვიზა რომელიც მომცეს აბსოლუტურად შეუსაბამო იყოს ჩემს მოთხოვნასთან. როგორც მენეჯერმა აღნიშნა, სამწუხაროდ მე არ ვიყავი პირველი, ვინც საელჩოს მხრიდან მსგავსს პრობლემას წააწყდა. როგორც ჩანს იტალიელი ჩინოვნიკის გამო არაერთი მეწარმე აღმოჩენილა მსგავს სიტუაციაში. ზოგადად მიღებული პრაქტიკით, როცა ერთწლიანი ვიზა უკვე მიღებული გაქვს, შემგდომ ორწლიანს გაძლევენ და ა.შ”. – აცხადებს რესპოდენტი.
ბიზნესმენი “მეტრონომთან” საუბარში ამბობს, მას შემდეგ რაც დიპლომატიურმა მისიამ მას ერთთვიანი ვიზა მისცა, ოფიციალური წერილით მიმართა საელჩოს, სადაც კონკრეტულად დააფიქსირა ვიზიტის გეგმებისა და ვიზის ვადის შეუთავსებლობაზე. საელჩომ ბიზნესმენს ოფიციალური წერილით უპასუხა, სადაც ნათქვამია, რომ მიღებული გადაწყვეტილების გადახედვას არ აპირებენ და რომ ქართველ მეწარმისათვის ხანგრძლივი ვიზის მიღების შესაძლებლობას მომავალში მიმართვის შემთხვევაში განიხილავენ. ამ წერილით ნათელია, რომ იტალიის დიპლომატიური წარმომადგენლობა არ დაინტერესებულა ბიზნესმენის ჩაშლილი ვიზიტებით და იმ შედეგებით, რაც მათმა გადაწყვეტილებამ კონკრეტულ ბიზნესმენს მოუტანა.
“იტალიის საელჩოსთან ურთიერთობა მანამდეც მქონია – 2014 წელში მომცეს ორწლიანი ვიზა. სწორედ ამან განაპირობა ჩემი პროტესტი ერთთვიან ვიზასთან დაკავშირებით. სამწუხაროდ, აპლიკაციაში არ წერია დასაბუთება, კონკრეტულად რატომ მიდიხარ, უბრალოდ ითხოვს პირველი ვიზიტის ინფორმაციას, ანუ საკონსულოს აპლიკაციის ფორმა საშუალებას არ გაძლევს დაწერო იმ კონკრეტული გეგმების შესახებ რის განხორციელებასაც შენგენის ქვეყნებში აპირებ. მხოლოდ ივლისის თვეში იტალიაში, ბრიტანეთში, ფინეთსა და ლატვიაში მქონდა ვიზიტები დაგეგმილი. ვიზა, რომელიც ერთვიანია და ამავდროულად ერთჯერადი შესვლის უფლებითაა აბსოლუტურად უსარგებლოა – ერთხელ რომ შევალ ევროკავშირში, ბრიტანეთში რომ წავიდე იტალიაშიც ვეღარ დავბრუნდები, ვერც ჰელსინკში წასვლას მოვახერხებ, ვერც რიგაში ბუნებრივია. მოკლედ ერთჯერადი გამოყენების სასაცილო ვიზა მივიღე იტალიის საელჩოსგან. ანუ ოთხი ვიზიტი, რომელიც ყველა საქმიანი იყო, ფაქტობრივად ჩამეშალა მხოლოდ იმის გამო, რომ ვიღაც ჩინოვნიკმა კონკრეტული, დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება მიიღო”. – ამბობს რესპოდენტი.
“მეტრონომისთვის” გამოგზავნილ წერილში იტალიის საელჩო ბოლო სამი წლის სტატისტიკურ ინფორმაციას გვთავაზობს, მაგალითად 2014 წელი – 1832 ქართველმა ბიზნესმენმა მიიღოს ვიზა, სამწუხაროდ წერილში არსად იყო ნათქვამი რამდენმა ადამიანმა მიმართა ვიზის მიღების სურვილით. შესაბამისად, ვფიქრობთ აღნიშნული მონაცემის გარეშე საელჩოს მიერ შემოთავაზებული 1832, ან სხვა ნებისმიერი რიცხვი ციფრებით მანიპულირებაა.
2016 წლის მონაცემებით, გაცემული ვიზების რაოდენობა 20%-ით არის შემცირებული წინა წლის საშუალო მაჩვენებელს თუ შევადარებთ. ცხადია, რომ ეს უკანასკნელი არასასიამოვნო სტატისტიკაა, რადგან მიუთითებს ან ქართველი მეწარმეების პასიურობაზე, ან იტალიის საკონსულოს მიდგომების გამკაცრებაზე – რაც ორივე შემთხვევაში ნეგატიურად აისახება იტალია-საქართველოს ეკონომიკურ ურთიერთობებზე.
ვიზების აღების კუთხით შეფერხებები იმ ფორნზე, როცა საქართველო ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით კონკრეტულ გადაწყვეტილებას უახლოეს ხანში ელის, ცოტა გაუგებარია. Reuters-ის ინფორმაციით, ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლის საკითხი ე.წ. სკეპტიკოსს ქვეყნებს, რუსეთის ზედმეტად გაღიზიანების თავიდან ასაშორებლად რომ არ გადაედოთ, იტალია საქართველოს მოქალაქეებისთვის მსაგვსი პრობლემების შექმნას ვეღარ შეძლებდა. ვითარება უფრო რთულდება მაშინ, როცა საქმე იმ ადამიანებს ეხება, რომელთაც კონკრეტული, დასაბუთებული სამოგზაურო გეგმები აქვთ. საბოლოოდ კი, ერთი, ორი და სამი ბიზნესმენის შეფერხება ქმნის პრობლემას, რომელიც შესაძლოა აისახოს ჩვენი ქვეყნების ურთიერთობებზე, აღარაფერს ვამბობ იმ ქვეყნების იმიჯზე, რომლებმაც დიპლომატიურ დონეზე პირობა დადეს, რომ საქართველოს ეკონომიკას, ბიზნესს ხელს შეუწყობდნენ ქვეყნის საბოლოო განვითარებისკენ სწრაფვაში.
ამ წერილის მკითხველი თავად შეაფასებს არსებობს თუ არა საფუძვლიანი ეჭვი, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, კონკრეტული ბიზნესმენის მიმართ, იტალიის საელჩომ დაარღვია თუ არა შეთანხმება საქართველოსა და ევროკავშირს შორის ვიზების გაცემის პროცედურის გამარტივების შესახებ, რომელსაც ხელი კარგა ხნის წინ მოეწერა, ძალაშიც შევიდა და წესით, უნდა მუშაობდეს.
რედაქცია მოუწოდებს საქართველოს მთავრობის შესაბამის უწყებებს, მსგავს პრობლემებზე რეაგირებისათვის, ჩვენი მოქალაქეების უფლებების დაცვის უფრო ქმედითი ინსტიტუტები შექმნას, რითაც საქართველოს მოქალაქის ღირსება, მით უმეტეს სახელმწიფოთაშორის არსებული შეთანხმების ფონზე, სრულყოფილად იქნება დაცული.
P.S. რედაქცია, დააკვირდება და აცნობებს საზოგადოებას, კონკრეტული ბიზნესმენის და ამ კატეგორიის ვიზა-აპლიკანტების მიმართ იტალიის საკონსულოს დამოკიდებულებას, თუ რამდენად ადეკვატური იქნება ის, რათა პასუხი გაეცეს შეკითხვას – მსგავსი მიდგომა ვიზის მთხოვნელებზე იტალიის სახელმწიფოს პოზიციაა თუ საკონსულოს კონკრეტული ჩინოვნიკის გადაწყვეტილება.