ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

გურამ შარაძის მკვლელობაში ბრალდებული ბარათელი დღეს საპატიმროს დატოვებს

აკადემიკოს გურამ შარაძის მკვლელობაში ბრალდებული გიორგი ბარათელი დღეს საპატიმროს დატოვებს, -ამის შესახებ სოციალურ ქსელში გურამ შარაძის შვილი, რუსუდან შარაძე წერს.

გურამ შარაძის ოჯახი გიორგი ბარათელს შარაძის მკვლელად არ მიიჩნევს და მის დაკავებას სააკაშვილის ხელისუფლების პოლიტიკურ მოტივებს უკავშირებს:

”ჩემო საყვარელო მეგობრებო, ჟურნალისტებო – ნაცნობებო, უცნობებო! მგონი, უპასუხოდ არავინ დამიტოვებიხართ, მაგრამ კიდევ ერთხელ გავიმეორებ – შეგნებულად ავარიდე თავი დღეს საქართველოში ყოფნას და გიორგი ბარათელის დახვედრას. არც დეტალები ვიცი, რომელ საათზე გამოდის და ა.შ… ვიფიქრე, ცოტა დრო მაინც სჭირდება, რომ ყველასგან და ყველაფრისგან დაისვენოს, მათ შორის, ჩემგანაც. როგორც იცით, ბარათელი და მე, შარშან, სამჯერ შევხვდით ერთმანეთს და ერთად რომ შევკრიბოთ, 8-9 საათი მაინც ვისაუბრეთ. ასე რომ, დღეს, ჩემს ციხის კართან დგომას, შესაძლოა, მხოლოდ, პიარის (უკეთესი სიტყვა ვერ ვიპოვნე) სახე ჰქონოდა, რაც, ჩემი აზრით, ბარათელს სულ არ ესიამოვნებოდა. არადა ყველაზე მეტად, ახლა მას უნდა გავუფრთხილდეთ”, – წერს რუსუდან შარაძე.

უფრო ადრე მან სოციალური ქსელში დაწერა:

„ხვალ გიორგი ბარათელი გამოდის ციხიდან. ხომ წარმოგიდგენიათ, როგორ მიხარია?! ვწუხვარ, რომ აქამდე მეტი ვერაფერი გავაკეთე, მაგრამ ვპირდები მასაც და მთელ საქართველოს, რომ მხოლოდ ტყვია გამაჩერებს. არადა, დრო ითხოვეს. ჯანდაბას, მომიგდია სულ ცოტა ხანიც. მერე სად წამიხვალ, კოლმეურნეობის თავმჯდომარევ, სად?! იმედი მაქვს, არ გგონია, რომ ყავლი გასდის, რის გამოქვეყნებასაც გიპირებ, შე პიტალო კლდევ!”.

2007 წლის 20 მაისს, ყოფილი პარლამენტარი, აკადემიკოსი გურამ შარაძე თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე მოკლეს. გურამ შარაძის მკვლელობის ბრალდებით სამართალდამცველებმა გიორგი ბარათელი დააკავეს.

გიორგი ბარათელს 26 წლითა და ექვსი თვით ჰქონდა პატიმრობა მისჯილი, თუმცა, როგორც მისმა ყოფილმა ადვიკატმა, მამუკა ნოზაძემ “მეტრონომს” განუცხადა, ეს იყო პირველადი განაჩენი, რომელიც შეკრებითობასაც გულისხმობდა. შემდეგ უკვე ბარათელს ამნისტიაც შეეხო, შეკრებითობით მისჯილი წლებიც ჩამოაკლდა და დღეს, ბარათელი, საპატიმროს ტოვებს.

გაზეთ “ვერსიასთან” მისი ადვოკატი აცხადებდა, რომ ბარათელს შარაძის მკვლელობის აღიარება აიძულეს:

“გიორგი ბარათელი გურამ შარაძის მკვლელობასთან არანაირ კავშირში არ არის. გურამ შარაძე 2007 წლის 20 მაისს, საღამოს ცხრის ნახევარზე, მელიქიშვილის გამზირზე მოკლეს. გიორგი ბარათელი კი 20 მაისს, დღისით, მზისით, ანუ გურამ შარაძის მკვლელობამდე რამდენიმე საათით ადრე კოსტავას გამზირზე, ტელევიზიასთან ახლოს, „ომეგა ოპელის“ ფირმის მანქანით სამმა პოლიციელმა დააკავა. იქიდან თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე აიყვანეს. ერთ-ერთი პოლიციელი დაკავებისთანავე ემუქრებოდა – „შენ დიდი ხანია დაგდევ, შენი მოკვლა მინდაო“. ანუ დაკავებისთანავე მის მიმართ მუქარის განხორციელება დაიწყო. დაკავებისას არც გაუჩხრეკიათ. ამბობს რომ ჯიბეში დანა ედო და დანაც კი არ ამოაცალეს. ანუ კოსტავას გამზირიდან თბილისის ზღვაზე აყვანამდე პოლიციის მანქანაში ეს დანა ჯიბეში ედო.

პოლიციელებმა „ტეტეს“ ფირმის პისტოლეტი ამოიღეს და ჰკითხეს, მას ეკუთვნოდა თუ არა ეს იარაღი. გიორგი ბარათელის განმარტებით, დეიდის სახლში მართლაც ინახავდა „ტეტეს“ ფირმის პისტოლეტს, მაგრამ მან არ იცის პოლიციელების მიერ წარდგენილი იარაღი მას ეკუთვნოდა, თუ ეს სხვა იარაღი იყო. ბარათელის განმარტებით, „ტეტეს“ ფირმის პისტოლეტი პოლიციელებმა ხელში დააჭერინეს და ერთ-ერთმა მათგანმა, რომელსაც ხელზე ხელთათმანი ჰქონდა ჩამოცმული, სასხლეტზე თითი გამოაკვრევინა და შემდეგ იარაღი შეინახა. ეს მოხდა თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც მოგვიანებით შავი „ჯიპით“ ვიღაც მივიდა. მან პოლიციელებს სიტყვიერი განკარგულებების მისცა, თუ რა როგორ უნდა გაეკეთებინათ. გასროლილი იარაღი პოლიციელებმა სწორედ ამ შავჯიპიანს გაატანეს.

მას შემდეგ, რაც გიორგი ბარათელი თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე წაიყვანეს და იარაღიდან გასროლა მოხდა, შესთავაზეს ეღიარებინა გურამ შარაძის მკვლელობა. ამ დროს ჯერ დაბნელებული არ იყო. ანუ გურამ შარაძე მოკლული არ იყო.

გიორგი ბარათელმა მითხრა: „მეგონა გურამ შარაძე რამდენიმე დღის გარდაცვლილი იყო, საქმეს ვერ ხსნიდნენ და ამიტომ მაიძულებდნენ დანაშაული ჩემს თავზე ამეღო. მეუბნებოდნენ – „შენ მაინც გიჭერთ, ექიმ ტირზიკიანის დაჭრის ფაქტზე შენზე ძებნაა გამოცხადებული. მოდი აღიარე გურამ შარაძის მკვლელობა, ჩვენ მოგხედავთ ციხეში, სურსათით და ნორმალური პირობებით უზრუნველეგყოფთ. სამ-ოთხ წელს მოგცემთ და მერე ჩვენ თვითონ გამოგიყვანთო“. აი, ასეთ პირობას უდებდნენ ბარათელს, როგორც თბილისის ზღვაზე, ისე პოლიციის განყოფილებაში, სადაც მოგვიანებით გადაიყვანეს.

ბარათელი ამბობს, რომ თბილისის ზღვაზე რაღაც მომენტში მან დრო იხელთა და გაიქცა. პოლიციელი გაეკიდა და სწორედ ამ დროს დაჭრა. მარჯვენა მხარზე ნაჭრილობევი დღესაც ეტყობა. დაჭრილი ბარათელი ისევ იმ მანქანაში, პირქვედამხობილი ჩასვეს და მისთვის უცნობ ტერიტორიაზე მიიყვანეს, სადაც ავტოფარეხში ჩაკეტეს. იქ დაახლოებით 15 წუთი დაჰყო.

პოლიციელები მსჯელობდნენ და ზემდგომებს ტელეფონით უთანხმებდნენ სცენარი როგორ უნდა განვითარებულიყო.”-ამბობდა ადვოკატი.
სრულად:  for.ge

იტვირთბა....