ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

როგორი იქნება ახალი ზოოპარკი: “მეტრონომის” ფოტორეპორტაჟი

თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე, 48 ჰექტარი მიწის ნაკვეთი თბილისის მერიამ ზოოპარკს მას შემდეგ გადასცა რაც 2015 წლის 13 ივნისის სტიქიის დროს ზოოპარკი დაიტბორა და ცხოველები დაიღუპნენ.

“მეტრონომი” ახალ ზოოპარკს მის დირექტორ ზურაბ გურიელიძესთან ერთად ეწვია, რომელიც ჯერ გახსნილი არ არის და ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს.

როგორც გურიელიძემ განაცხადა, ზოოპარკი სავარაუდოდ, წლის ბოლოს გაიხსნება. ამჟამად იქ დათვების, მგლების, ირმებისა და ნიამორების ვოლიერებია აშენებული. დათვებისა და მგლების ვოლიერში, რომელიც გერმანიის სახელმწიფოს დაფინანსებით, 12 000 კვადრატულ მეტრზეა განთავსებული, ამჟამად  8 დათვი და 4 მგელი ბინადრობს.

ზურაბ გურიელიძის განმარტებით, ორივე ცხოველის მიმართ გარკვეული პრობლემა არსებობს, რაც მოსახლეობის მიერ ორივე სახეობის ტყვეობაში ყოლით გამოიხატება.

“ზოგს რესტორანთან ყავს დაბმული  და ა.შ. ეს ცხოველები ექვემდებარება კონფისკაციას. დათვი არაა ის ცხოველი, რომ სადმე კუთხეში გყავდეს დაბმული. ამიტომაც პირევლი ავაშენეთ ვოლიერი, რომელიც დათვების თავშესაფრადაც გამოდგებოდა. გარდა ამისა, შესაძლებელი იქნებოდა პატარა ბელების რეაბილიტაციაც.  ამასთან გვაქვს ერთი პატარა ვოლიერი სადაც 2 ერთი წლის დათვი და 7 მგელი იმყოფება. ასევე გვყავს სამი ბელი”- განაცხადა გურიელიძემ.

მისი თქმით, ზოოპარკში მნიშვნელოვანია ბავშვებისთვის გასართობი და შემეცნებითი სივრცეების მოწყობა, რაც ამ ტერიტორიაზე ნაკლებობა ნამდვილად არ იქნება. ისევ და ისევ გერმანიის მთავრობის დაფინანსებით, ახალ ზოოპარკში ბავშვთა გასართობი ადგილი იქნება.

“გერმანიის მთავრობის დაფინანსებით მოეწყობა ბავშვთა გასართობი ადგილი. ზოოპარკის ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია არის საგანმანათლებლო ფუნქციაც. ეს ადგილი კი გახლავთ სათამაშო-საგანმანათლებლო-სათავგადასავლო მოედანი, სადაც ბავშვები ცდილობენ ცხოველების ნაკვალევზე გაიარონ. გამზადებულია ცხოველების კვალი და ბავშვები უნდა მიხვდნენ რომელი ცხოველის  ნაფეხურზე დადიან”- აღნიშნა გურიელიძემ.

მისი თქმით, ზოოპარკთან ახლოს ასევე არსებობს საცხენოსნო კლუბი, სადაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ისწავლოს ცხენზე ჯირითი.

როგორც გურიელიძემ “მეტრონომთან” განაცხადა, ამ დროისთვის კიდევ რამდენიმე ვოლიერის მშენებლობა მიმდინარეობს, რის შემდეგაც დიდი ალბათობით, შესაძლებელი იქნება ზოოპარკის დამთვარიელებლებისთვის გახსნა, რა დროსაც უკვე გარკვეული ინფრასტრუქტურაც იქნება მოწყობილი. ზურაბ გურიელიძის თქმით, სხვადასხვა ქვეყნის ზოოპარკებიდან ცხოველებს ელოდებიან.

“იგეგმება ჯიხვების, აფრიკული მოხატული ძაღლებისა და დომბების(ევროპული ბიზონების) ვოლიერების აშენებაც. ფოცხვერის ვოლიერი პრაქტიკულად დასრულებულია, მოსაწყობი დარჩა მხოლოდ შიდა ინფრასტრუტურა და ასევე აშენდება  ავიარიუმი დიდი წყალმცურავი და მტაცებელი ფრინველებისათვის”- განაცხადა გურიელიძემ.

ზოოპარკის დირექტორმა ირმებისა და ნიამორების ვოლიერიც დაგვათვალიერებინა და აღნიშნა, რომ ნიამორებს ნამატიც ჰყავთ. მათთვის ახალ ზოოპარკში კი ბუნებრივი გარემოა შექმნილი, რაც მათ მშვიდობიან თანაცხოვრებას უწყობს ხელს.

ავტორი: ანინა ზაბახიძე

 

იტვირთბა....