პოლიტოლოგ გია ხუხაშვილის თქმით, ქვეყნის მმართველობითი სისტემის არასწორი ორგანიზების შედეგად მივიღეთ ე.წ. ჰიბრიდული ხელისუფლება, რომელიც ეფუძნება ერთი მხრივ, ოფიციალურ, ლეგალურ პოლიტიკურ ელიტას და მეორე მხრივ, რამდენიმე ინტერეს-ჯგუფს.
სააკაშვილის ხელისუფლებამ მოახერხა ისეთი სისტემის ჩამოყალიბება, რომელშიც ფული მუშაობდა პოლიტიკურ ინტერესზე. რაც უდავოდ ცუდი იყო, თუმცა სახელმწიფოებრივი განვითარებისთვის ბევრად უფრო სახიფათოა, თუ ინტერეს-ჯგუფებმა დაიქვემდებარეს ხელისუფლება. ეს ომი უკვე დიდი ხანია დაწყებულია. ფარცხალაძე-თორდიას ეპიზოდი ამის მხოლოდ ერთი გამოვლინებაა. პრობლემა სინამდვილეში სცილდება ერთი კონფლიქტის ფარგლებს და ბევრად უფრო მძიმე, სისტემურ ხასიათს ატარებს.
თუ ახლა პოლიტიკურმა ელიტამ ვერ შეძლო ახლად გამომცხვარი ოლიგარქიის კონტროლზე აყვანა, მალე თვითონაც და ქართული სახელმწიფოც ამ ხალხის მძევალი აღმოჩნდება. ვფიქრობ, რომ დღევანდელ ხელისუფლებას ბევრი მიზეზის გამო, არ ძალუძს ამ პრობლემის გადაწყვეტა და შესაბამისად ვთხოვ ბიძინა ივანიშვილს, დაეხმაროს პრემიერ-მინისტრს სწორი, სწრაფი და ეფექტური გადაწყვეტილებების მიღებაში. სხვა შემთხვევაში დაიწყება შეუქცევადი პროცესი, რომელთანაც გამკლავება მხოლოდ ქირურგიული წესით მოუწევს ქართულ საზოგადოებას”, – განაცხადა “ინტერპრესნიუსთან” ხუხაშვილმა.