აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

სხდომა ჩაიშალა: “ცუდია როცა ადამიანები მიიჩნევენ, რომ არეულობა შეიძლება დადებითი მოვლენა იყოს”

კონსტიტუციური ცვლილებების საერთო სახალხო განხილვის დასკვნითი ეტაპი ფილარმონიაში ჩაიშალა. მიზეზი “აუდიტორია 115”-ის მიერ მოწყობილი აქცია გახდა, რომლებიც შრომითი უსაფრთხოების საკითხებისადმი ხელისუფლების უყურადღებობას აპროტესტებდნენ.  ფილარმონია პოლიტიკოსებმა დატოვეს. როდის გაიმართება მორიგი შეხვედრა თბილისში, ჯერ უცნობია.

2-2

როგორც “მეტრონომს” უმრავლესობის წევრმა, მამუკა მდინარაძემ განუცხადა, არეულობით და პროცესის ჩაშლით დადებით შედეგს ვერავინ მიიღებს:

“ეს აქციები ორგანიზებულად მიმართული იყო ჩაშლისა და პროგრესული პროცესის დისკრედიტაციისკენ. ამის შესახებ ინფორმაცია ადრევე გვქონდა და შეგნებულად თავი ავარიდეთ იმ ორგანიზაციის, პირების დასახელებას, რომლებიც ამას გეგმავდნენ. თუ ვინმეს ჰგონია რომ დღევანდელი დღის ჩაშლით კარგი საქმე გაკეთდა, რბილად რომ ვთქვათ, შეცდომაა. არსებულ  კონსტიტუციაში მიწასთან დაკავშირებით შეზღუდვა არ არსებობს და ახალი ცვლილებებით უკვე პრინციპულად გაუმჯობესებულია მიწის საკითხი.  პროცესის ჩაშლით კი მივიღებთ იმას, რომ დაგვრჩება ძველი რეგულაცია, რაც გააუარესებს საკითხს. შრომის ინსპექციასთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესების და სიახლეების შესახებ ინფორმაციის გაგება არ უნდათ და მხოლოდ პროცესის ჩაშლისკენ არიან მიმართულები. ფაქტია რომ ორი სხვადასხვა ჯგუფი იყო და სხვადასხვა საკითხს ახმოვანებდა. ეს არ არის ის ფორმატი, რითიც რაიმე შედეგი შეიძლება დადგეს. ჩაშლით და არეულობით ვინმემ რამე შედეგი მიიღოს, გამორიცხულია. ვცადეთ კორექტულად წაგვეყვანა ჩვენი შეხვედრა, თუმცა ეს ვერ მოხერხდა და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დაგვეხურა სხდომა.  ცუდია როცა ადამიანები მიიჩნევენ, რომ არეულობა შეიძლება დადებითი მოვლენა იყოს. ეს პროცესი გაგრძელდება, ძალიან ცუდი კონსტიტუცია გვაქვს, რომელიც აუცილებლად უნდა შეიცვალოს”-განაცხადა მდინარაძემ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მას ჰქონდა ინფორმაცია, რომ პროვოკაცია იგეგმებოდა. პარლამენტის სპიკერმა “აუდიტორია 115”-ის წარმომადგენლებს ახალგაზრდა კომუნისტები უწოდა.

,,ჩვენი ამოცანაა კონსტიტუციაზე მსჯელობა. შეიძლება თქვენ ეს არ გაინტერესებთ, მაგრამ აქ შეკრებილია 2500 ადამიანი, რომელსაც აინტერესებს და გთხოვთ დაგეგმილი პროვოკაციისგან თავი შეიკავოთ”, – მიმართა ირაკლი კობახიძემ “აუდიტორია 115”-ის წევრებს.
კობახიძის თქმით, ახალგაზრდა კომუნისტების ადგილი არაა საქართველოში. მისი განცხადებით, ცოდნა და კომუნიზმი შეუთავსებელია ერთმანეთთან.
“საქართველოში კომუნიზმის დრო დამთავრდა და არასოდეს დაბრუნდება. საქართველო ივლის ილია ჭავჭავაძის გზით”-განაცხადა კობახიძემ, რომლის თქმითვე, ამგვარ ფორმატში სხდომის გაგრძელებას აზრი არ ჰქონდა.

filarmonia

იტვირთბა....