დუშეთის რაიონის სოფელ ჭართალაში ტექნიკამ მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზის მონტაჟის მოსამზადებელი სამუშაოები განაახლა. მოსახლეობა აღნიშნულ სამუშაოებს დილიდან აპროტესტებს.
მოსახლეობის გამოჩენის შემდეგ, მძიმე ტექნიკის მუშაობა დროებით შეაჩერეს, თუმცა რამდენიმე წუთის წინ ისევ განაახლეს.
ადგილზე დილიდან მობილიზებული არიან სამართალდამცავები, რომელთაც ცოტა ხნის წინ დამატებით კიდევ შეუერთდნენ პოლიციელები. მათ მოსახლეობა მიმდინარე სამუშაოების მოშორებით გადაიყვანეს და მათ წინ ცოცხალი ჯაჭვი გაამაგრეს.
რამდენიმე წუთის წინ, ადგილზე სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლები გამოჩნდნენ. ისინი, ამ დროისათვის, აქციის ადგილიდან მოშორებით დგანან.
აქციის მონაწილეების თქმით, სოფელში მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზის დამონტაჟება მოსახლეობას ჯანმრთელობის პრობლემებს შეუქმნის.