საქართველოს საპარტნიორო ფონდის თავმჯდომარე, საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი ლიდერი დავით საგანელიძე ჩინეთში, სოფლის მეურნეობის საერთაშორისო გამოფენაზე, ორგანიზატორების ეგიდით გამართულ შეხვედრებში აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების ოფიციალურ პირთან სენერ გოგუასთან ერთად მონაწილეობდა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Грузия Onlin ავრცელებს.
გამოცემა გამოფენაზე გადაღებულ ფოტომასალასაც აქვეყნებს, სადაც დავით საგანელიძე აფხაზეთის ე.წ, რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის წარმომადგენელთან ერთად არის აღბეჭდილი.
მედია საშუალების ინფორმაციით, გოგუა ე.წ, რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის წარმომადგენელია თურქეთში. ის 1992-1993 წლებში აფხაზეთის ომის მონაწილეა.
სოფლის მეურნეობის საერთაშორისო გამოფენა კომპანია”Huahe International” -ის ეგიდით გაიმართა, რომლის საპატიო მრჩეველ-კონსულტანტი დავით საგანელიძეა.
გამოცემა წერს, რომ დავით საგანელიძე საქართველოში ერთერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი პირია. მისი ხელფასი დაახლოებით 33 ათას ლარს შეადგენს. 2016 წლის განმავლობაში ხელფასისა და დანამატების სახით მიღებულმა მისმა შემოსავალმა 404 250 ლარი შეადგინა.
დავით საგანელიძე მედიაში გავრცელებულ ამ ინფორმაციას უარყოფს და განმარტავს:
„საპარტნიორო ფონდის დელეგაცია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტით იმყოფება, სადაც ვხვდებით რამდენიმე პროვინციის ადგილობრივ წარმომადგენლებს და ვმონაწილეობთ რამდენიმე საერთაშორისო მასშტაბის ღონისძიებაში. ფონდის დელეგაციამ უკვე მიიღო ჩინური ჩაის საერთაშორისო ბიზნესფორუმში მონაწილეობა, რომელიც ხუპეის პროვინციაში გაიმართა.
ბიზნესფორუმს ჩვენ გარდა, სხვადასხვა ქვეყნის 500–მდე წარმომადგენელი ესწრებოდა. ფორუმი უმსხვილესი ჩინური ბიზნესსაკონსულტაციო კომპანია “Huahe International”-ისა და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანიზებით გაიმართა. ღონისძიებას ჩაის ინდუსტრიაში არსებული უმსხვილესი კომპანიები და ბიზნესწრეების წარმომადგენლები, ასევე საერთაშორისო ჩაის კომიტეტის თავმჯდომარე იან გიბსი დაესწრო.
მე პატივი მხვდა წილად, როგორც საქართველოს და საპარტნიორო ფონდის წარმომადგენელს მონაწილეობა მიმეღო ფორუმის ოფიციალურ გახსნაში და დანარჩენ ოთხ გამომსვლელთან ერთად, მიმემართა დამსწრე საზოგადოებისთვის, მესაუბრა საქართველოში არსებულ ბიზნეს გარემოზე, საინვესტიციო შესაძლებლობებზე და ასევე, საპარტნიორო ფონდისა და ჩვენი ჩინელი პარტნიორების მიერ საქართველოში ჩაის რეაბილიტაციის პროექტის შესახებ, რომლის ჯამური საინვესტიციო მოცულობა 500 მილიონ ამერიკულ დოლარს შეადგენს.
ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში გამართულ ბიზნეს ფორუმში აფხაზეთის ე.წ რესპუბლიკის დელეგაცია არ მონაწილეობდა. სხვა ქვეყნებთან ერთად ფორუმში მონაწილეობდა რუსეთის ფედერაციის დელეგაცია, რომლის შემადგენლობაშიც, როგორც აღმოჩნდა, იყო სენერ გოგუა, რომელიც ფორუმის ორგანიზატორების მიერ გადაღებულ ფოტოზეა წარმოდგენილი.
ჩემთან გადაღებულ ფოტოზე არსებული პირის ვინაობა სწორედ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის შემდგომ შევიტყვე. აღნიშნული ფოტო ხუპეის პროვინციაში მდინარე იანძის რეგიონში არსებული ჩაის პლანტაციების დათვალიერების დროს, ორგანიზატორი მხარის მიერ არის გადაღებული და, შესაძლოა, სამახსოვრო ფოტოებზე ჩემ გვერდით ფორუმში მონაწილე ქვეყნების 500 წარმომადგენლიდან ნებისმიერი მათგანი აღმოჩნდეს. რაც შეეხება ოსი და აფხაზი წარმომავლობის ადამიანებთან ურთიერთობას, რომელთაც მონაწილეობა არ მიუღიათ სამხედრო კონფლიქტებში. ჩემი პირადი პოზიციაა, საქმიანი ვიზიტების დროს თუკი მომიწევს მათთან, როგორც სხვა ქვეყნების დელეგაციების წარმომადგენლებთან შეხვედრა, მზად ვარ ხელი ჩამოვართვა და ჩვენს საერთო ტკივილზე ვესაუბრო. აქვე კატეგორიულად ვაცხადებ, ნებისმიერ იმ ღონისძიებაში, სადაც ე.წ. აფხაზეთის რესპუბლიკა, როგორც დამოუკიდებელი ქვეყანა ისე იქნება წარმოდგენილი, გამორიცხულია მონაწილეობა მივიღო“, – განაცხადა დავით საგანელიძემ.