ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

მცხეთაში საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვას პრეზიდენტი არ დაესწრება

კონსტიტუციაში დაგეგმილ ცვლილებებს დღეს მცხეთელები ეცნობიან. პროექტს “ქართული ოცნება” ადგილობრივებს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით წარუდგენს. მცხეთელებს შეკითხვების დასმის საშუალება ექნებათ.

დღევანდელ საჯარო განხილვაში პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი არ მონაწილეობს.

საჯარო განხილვა გუშინ თელავში გაიმართა. პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით, საპარლამენტო უმცირესობას საგამოძიებო კომისიის შექმნის შესაძლებლობა ექნება.

ოპოზიცია პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევის გაუქმებას ოპოზიცია ეწინააღმდეგება. საპარლამენტო უმცირესობა პლებისციტის ჩატარებას ითხოვს.

პროექტის საჯარო განხილვა 5 მაისს დაიწყო. ცვლილებები სულ 11 ქალაქში უნდა წარადგინონ. ბოლო შეხვედრა 15 მაისს თბილისში გაიმართება.

საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი პარლამენტში 1 მაისს დარეგისტრირდა. პროექტს “ქართული ოცნების” 108 დეპუტატი აწერს ხელს. საკონსტიტუციო კომისიამ სამუშაო ვერსიის მუხლებს და ალტერნატიულ წინადადებებს მხარი 22 აპრილს დაუჭირა (43 მომხრე, 8 წინააღმდეგი). პროექტი ვენეციის კომისიას გადაეგზავნა. ცვლილებები პარლამენტის საშემოდგომო სესიაზე დამტკიცდება. საკონსტიტუციო კომისია 4 თვის განმავლობაში მუშაობდა. პროცესში მონაწილეობაზე თავიდანვე უარი თქვა პრეზიდენტის ადმინისტრაციამ. საკონსტიტუციო კომისია მუშაობის დასასრულს დატოვა ოპოზიციამ. მათი შეფასებით, მმართველმა გუნდმა პროექტი საკუთარ ინტერესებს მოარგო.

პროექტის მიხედვით: პრეზიდენტს საარჩევნო კოლეგია ირჩევს, მაჟორიტარული სისტემა უქმდება, ოჯახის დეფინიცია განისაზღვრება, გენერალურ პროკურორს პარლამენტი ამტკიცებს, მოსამართლეების წარდგენა-დანიშვნაში პრეზიდენტის უფლებები იზღუდება, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია ჩაიწერება, პარლამენტის ადგილსამყოფელი განსაზღვრული არ არის.

იტვირთბა....