“საქართველომ ძალიან კარგი მეგობრობა იცის, მაგრამ ვისაც ჩვენი ერთიანობა და მთლიანობა არ უნდა, იმათ საკადრისი პასუხი უნდა გავცეთ”, – ამის შესახებ განათლების მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა ალექსანდრე ჯეჯელავამ ჟურნალისტებს მოსკოვის ყოფილი მერის, იური ლუჟკოვის განცხადებასთან დაკავშირებით განუცხადა.
განათლების მინისტრი მიიჩნევს, რომ ლუჟკოვის მიერ გუშინ გაკეთებული განცხადება, მის მიერ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის შესახებ გამოთქმული მოსაზრების შემდეგ, აქტუალური არ არის.
”ლუჟკოვის მოსაზრება მას შემდეგ, რაც აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის შესახებ ბრძანა, აბსოლუტურად არ არის აქტუალური და საინტერესო. საქართველომ ძალიან კარგი მეგობრობა იცის, მაგრამ ვისაც ჩვენი ერთიანობა და მთლიანობა არ უნდა, იმათ საკადრისი პასუხი უნდა გავცეთ და გავცემთ კიდეც”, – განაცხადა ჯეჯელავამ.
მოსკოვის ყოფილი მერი იური ლუჟკოვი ქართველების მიერ მის “შავ სიაში” შეყვანს უგუნურ და გაუგებარ გადაწყვეტილებას უწოდებს.
“ეს, აბსოლუტურად, უგუნური და გაუგებარი გადაწყვეტილებაა. ზოგადად, მსგავს გადაწყვეტილებას ისეთი ქმედებების შემდეგ იღებენ, რაც საქართველოსა თუ სხვა სახელმწიფოს წინააღმდეგ არის მიმართული. მე საქართველოში ვიყავი, როგორც ტურისტი, ტურისტულ ჯგუფთან ერთად. ჩვენი მოგზაურობა ქართული ტურისტული სააგენტოს მიერ იყო გაფორმებული”, – განაცხადა ლუჟკოვმა.
საქართველოში იური ლუჟკოვი 8 მაისს იმყოფებოდა. მოსკოვის ყოფილი მერის განცხადებით, საქართველო, აფხაზეთისა და ცხინვალის ამ რეგიონის ჩამოშორების შემდეგ, მომავალში უკეთ იგრძნობს თავს.
საქართველოს შს მინისტრის შალვა ხუციშვილის განცახდებით, რუსეთის ყოფილი მერი იური ლუჟკოვი ე.წ. შავ სიაში მოხვდება და, შესაბამისად, საქართველოში შემოსვლა აეკრძალება.