ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

უსუფაშვილის ინიციატივა: “ხელისუფლების ვარიანტი მორიგი ნაბიჯია ერთმმართველობისკენ”

“საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესმა უნდა გაგვაერთიანოს და არ უნდა დაგვყოს. კონსტიტუციამ მრავალი ხელისუფლების მშვიდობიანი შეცვლა უნდა უზრუნველყოს და არა პირიქით – ყოველი ხელისუფლება ცვლიდეს კონსტიტუციას საზოგადოების მორიგი გახლეჩის ფონზე”- ამის შესახებ პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე დავით უსუფაშივლი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, თუ პროცესი დღევანდელ პოლიტიკურ კალაპოტში გაგრძელდა, კვლავ მივიღებთ არსებული ხელისუფლების და არა ქვეყნის მომავლის კონსტიტუციას, რაც მორიგ ჯერზე დაასუსტებს ქვეყნის სამართლებრივ-პოლიტიკურ ფუნდამენტს და რასაც ნებისმიერი შემდეგი ხელისუფლება კვლავ ნაჯახით მიადგება.

უსუფაშვილი იმედოვნებს, რომ საკონსტიტუციო პროცესში პირადად ჩაერთვება პრემიერ-მინისტრი. პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით რამდენიმე ინიციატივით გამოდის.

“ჩემი შეთავაზებაა:
1. საკონსტიტუციო კომისიის მიერ შემუშავებული კონსტიტუციის ახალი ტექსტი პარლამენტში კენჭისყრაზე არ დადგეს საშემოდგომო სესიამდე იურიდიულ კომიტეტში მისი დახვეწის გარეშე.
2. საპარლამენტო არჩევნების საკითხში დავუბრუნდეთ „ქართული ოცნების“ მიერ 2015 წლის ივნისში ინიცირებულ და კენჭისყრისთვის მომზადებულ პროპორციულ და სამართლიან საარჩევნო სისტემას.
3. საპრეზიდენტო არჩევნების პირდაპირი თუ არაპირდაპირი წესის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილება მივანდოთ 2020 წელს არჩეულ პარლამენტს.

უკეთ დასამუშავებელი საკითხები

საკონსტიტუციო კომისიამ შემჭიდროებულ ვადებში დიდი მოცულობის სამუშაოები ჩაატარა და სამსჯავროზე გამოიტანა კონსტიტუციის პრაქტიკულად ახალი ტექსტი. მრავალ საინტერესო და საჭირო ცვლილებებთან ერთად შემოთავაზებულია ბევრი ისეთი ნოვაცია, რომლის ნაჩქარევად, საფუძვლიანი გააზრებისა და დახვეწის გარეშე მიღება ბევრ პრობლემას შექმნის მომავალში.

მაგალითად, უკეთაა გასააზრებელი, ორმაგი მოქალაქეობის მოდელი; კონსტიტუციური პრინციპების და უფლებების სისტემა და სტრუქტურა მათი შესრულება-დაცვის გარანტიებით; კომპეტენციები თავდაცვის სფეროში: დამოუკიდებელი კონსტიტუციური ინსტიტუტები; მოსამართლეთა თანამდებობაზე გამწესება; საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილება; თვითმმართველობის, მათ შორის, სუბსიდიარობის, სამართლებრივი დაცვის გარანტიები; პარლამენტის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის ვერ მიღების შედეგები; და სხვა. ეს სამუშაოები უნდა დავინახოთ როგორც ობიეტური აუცილებლობა და არა ავტორების ნაკლი ან ოპონენტების ახირება.

საპარლამენტო არჩევნები

სინამდვილეში პროცესი მიდის არა „ბონუსური“ მოდელისკენ, არამედ არსებული საარჩევნო სისტემის მაჟორიტარული კომპონენტის დატოვებისკენ. ხელისუფლების მიერ შემოთავაზებული ვარიანტი (ბლოკების აკრძალვას + 5%-იანი ბარიერი + გამარჯვებულ პარტიას მიაქვს მთელი „ბონუსი“)არის მორიგი ნაბიჯი დაუბალანსებელი ანუ სწორედაც არასტაბილური ერთმმართველობისკენ. ამ გზით არათუ დემოკრატიული პოლიტიკური სისტემა ვერ განვითარდება, არამედ თავად მმართველი პარტიაც მეტად გადაიქცევა სუს-ის, ანუ სტაბილურობის „ჭეშმარიტი ბურჯის“,პოლიტიკურ ანტურაჟად.
შესაბამისად, ეს მოდელი საბოლოოდ დაწუნებული იქნება ყველა ადგილობრივი და საერთაშორისო მოთამაშის მიერ. თუმცა, ამის შემდეგ გაირკვევა, რომ სხვა მოდელზე შეუძლებელია უმრავლესობის შიგნით შეთანხმება და ამიტომ დარჩება არსებული სისტემა. ამრიგად, შემოვლითი გზით, მაგრამ კვლავ იზეიმებს ნეო-ბოლშევიზმი…
გამოსავალია თავად „ქართული ოცნების“ მიერ ერთი წლის წინ ინიცირებული, „ვენეცია გავლილი“, სახალხოდ განხილული და პარლამენტში კენჭისყრისთვის მომზადებული ვერსიისთვის მხარდაჭერა. ეს ვერსია ითვალისწინებს დაბალ ბარიერიან პროპორციულ არჩევნებს ყოველგვარი ექსკლუზიური „ბონუსის“ გარეშე და მის დამუშავებაში უშუალოდ მონაწილეობდნენ პარლამენტის დღევანდელი ლიდერებიც. სამწუხაროდ, წინა მოწვევის პარლამენტში ოპოზიციის ცალკეულ ლიდერებს არ ეყოთ პოლიტიკური შორსმჭვრეტელობა და ხელიდან გავუშვით ამ მოდელის კონსტიტუციურად განმტკიცების უნიკალური შანსი. დღეს ეს შანსი ხელახლა გაჩნდება, თუ თითო ნაბიჯს გადავდგამთ ერთმანეთისკენ.

საპრეზიდენტო არჩევნები

პრეზიდენტის ინსტიტუტი ვერა და ვერ ვაქციეთ იმად, რაც კონსტიტუციაში დიდი ასოებით გვიწერია – სახელმწიფოს ერთიანობის სიმბოლოდ და გარანტად. ასე გაგრძელება უბრალოდ დაუშვებელია, არა ზვიადის, ედუარდის, მიშას, გიორგის მიმართ, არამედ ქართულ სახელმწიფოს მიმართ. ეს ერთნაირად უნდა გაითვალისწინონ მომავალმა ზვიად-გიორგიებმაც და მთელმა საქართველომაც.შექმნილ ვითარებაში სწორედ ამის გაუთვალისწინებლობა იქნება ოცნების მიერ გადაწყვეტილების ერთპიროვნულად მიღება.

არის გამოსავალი. ხელისუფლების მიერ შემოთავაზებული მოდელითვე, ერთი მხრივ, 2023 წლამდე ქვეყანას ეყოლება პირდაპირი წესით არჩეული პრეზიდენტი; მეორე მხრივ, გათვალისწინებულია გარკვეულ შემთხვევებში კონსტიტუციური ცვლილებების ორი მოწვევის პარლამენტის მიერ მიღება. ამ ორი პოლიტიკური და სამართლებრივი მიდგომის ერთობლიობა (სათანადო ტექნიკური დამუშავების შემდეგ), იძლევა შესაძლებლობას 2023 წლის საპრეზიდენტო არჩევნების სისტემის საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილება მივანდოთ 2020 წელს არჩეულ პარლამენტს. ამ შემთხვევაში მინიმუმ 4 წლით ერთნაირად დაკმაყოფილდება დღეს არსებული ყველა მოთხოვნა და პოზიცია, ხოლო საბოლოო გადაწყვეტილება დაეფუძნება ხალხის უმრავლესობის გადაწყვეტილებას, ვინაიდან 2020 წლის საარჩევნო კამპანიაში მონაწილე პოლიტიკური ძალები გვერდს ვერ აუვლიან ამ საკითხს”- აცხადებს დავით უსუფაშვილი.

იტვირთბა....