საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის თინა ხიდაშელის განცხადებით, კონსტიტუციის მოდელი იძლევა შესაძლებლობას, რომ ცუდი სახელმწიფო მმართველის ვითარებაში ახალი ”მხედრიონი” წარმოიქმნას.
ამის შესახებ თინა ხიდაშელმა პრეზიდენტის სასახლეში, საკონსტიტუციო ცვლილებებისა და უსაფრთხოების საკითხებზე გამართულ კონფერენციაზე განაცხადა.
“არ შეიძლება კონსტიტუცია რომელიმე ადამიანზე მორგებით ან მის წინააღმდეგ იწერებოდეს. ჩვენ ვერ ვიქნებით იმის იმედად, რომ კეთილი ნების ადამიანები მოდიან ხელისუფლებაში და სულ კარგი და კეთილი სურვილები აქვთ. არ შეიძლება კონსტიტუციაში იყოს დებულებები, რომელიც ერთმანეთს გამორიცხავს, ან ფართო ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა. როდესაც კონსტიტუციაში წერ, რომ შენ ხარ სამხედრო ძალები და სხვა შეიარაღებული ძალები, ამის შემდეგ განმარტავ, რომ სამხედრო ძალები რა არის და რა ვითარებაში გადაადგილდება და არც ერთ სიტყვას არ ამბობ, თუ რას ნიშნავს სხვა ძალები, აჩენ შანსს ცუდი მმართველის პირობებში ახალი ”მხედრიონის” გაჩენის”, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.
შეგახსენებთ, კონსტიტუციის ახალი პროექტის საჯარო განხილვა 5 მაისს დაიწყო და მისი წარდგენა სულ 11 ქალაქშია დაგეგმილი. საყოველთაო განხილვების პროცესი 15 მაისს თბილისში დასრულდება.